მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზაზანოვა თეატრში" - "ზაზანოვა" მუშაობას ერთი ფილიალით აგრძელებს

6370ce1f56137
თათია კაკიაშვილი
13.11.22 15:02
1296
სალონური რესტორანი „ზაზანოვა“, რომელიც მომხმარებელს 2012 წლიდან ხარისხიანი მუსიკის ფონზე ქართულ და ევროპულ სამზარეულოთი უმასპინძლდებოდა, ოპერირებას "ზაზანოვა თეატრში" ფილიალით აგრძელებს. 

როგორც BMG-სთან „ზაზანოვას“ დამფუძნებელი მარინა სალუქვაძე ამბობს, ცვლილების მიზეზი ფინანსური სირთულეებია.

„პანდემიის დროს ძალიან დავზარალდით. მართალია, მერიისგან 5000-ლარიანი დახმარება მივიღეთ, თუმცა ცხადია, ეს დახმარების პაკეტი საკმარისი არაა, როცა 2 წელი დაკეტილი ხარ და არანაირი დანაზოგი არ გაგაჩნია. „ზაზანოვას“ 15 თანამშრომელი ჰყავს და შევეცადეთ, ისინი შეგვენარჩუნებინა, რასაც დიდი ძალისხმევა დასჭირდა. ამას ემატება საბანკო ვალდებულებები... მოკლედ, სახარბიელო სიტუაციაში ნამდვილად არ ვართ, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ,“ - განაცხადა მარინა სალუქვაძემ.

„ზაზანოვა“ თბილისში, ოპერის გვერდით ლაღიძის ქუჩაზე იყო, მაგრამ პანდემიის დროს, რესტორნის ადმინისტრაცია იძულებული გახდა, შენობა დაეცალა.

„ზაზანოვა“ ყოველთვის იყო ადგილი, სადაც ისმოდა გემოვნებიანი მუსიკა, ეწყობოდა მუსიკოსების, კინემატოგრაფისტების და, ზოგადად, ხელოვანების საღამოები. თბილისის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. ახლა არ ვიცით, რა იქნება...“, - ამბობს სალუქვაძე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მომხმარებელს მხოლოდ რესტორანი „ზაზანოვა თეატრში“ მასპინძლობს, რომელიც იგივე კონცეპციით თუმანიშვილის თეატრის შენობიდან ოპერირებს.

„ახლა ცოტა ფრთხილად ვიქცევით იმიტომ, რომ ვართ თუმანიშვილის თეატრში და, ცხადია, ხელს ვუწყობთ - როცა სპექტაკლია, არ ვხმაურობთ, არადა ჩვენი მთავარი სახასიათო ნიშა ცოცხალი მუსიკაა. ამის მიუხედავად, ერთმანეთს ხელს ვუწყობთ, რომ სპექტაკლის დროს მუსიკა არ გაისმას; ვნახოთ, რა იქნება, ჯერჯერობით, ფიქრის პროცესში ვართ. „ზაზანოვა თეატრში“ აბსოლუტურად იგივე ფორმატია, რაც „ზაზანოვა“ იყო - იგივე მუსიკოსებით და თანამშრომლებით. ახლა რაღაც ახალი პროექტი მაქვს ჩაფიქრებული, რაც წესით, ბევრად უფრო საინტერესო იქნება,“ - განაცხადა მარინა სალუქვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები