საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ლევან მოსეშვილი აცხადებს, რომ ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 2026 წლის ბოლოს გაიხსნება.
"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დასკვნით ეტაპზეა 3.5-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც აეროპორტს შესაძლებლობას მისცემს, უფრო დიდი გაბარიტის საჰაერო ხომალდები მიიღოს.
ქუთაისის აეროპორტის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ტვირთების გადაზიდვა. ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს სატვირთო ტერმინალების განვითარებასა და საჰაერო გადაზიდვების დაწყებას. თბილისის პარალელურად, ქუთაისის აეროპორტიც ჩაერთვება ქვეყნის სატვირთო გადაზიდვებში", - ამბობს მოსეშვილი.
ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა 2024 წლის ბოლოს დაიწყო. 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობის ჯამური ღირებულება 179.5 მილიონ ლარს შეადგენს. ასაფრენ ზოლს აეროპორტების გაერთიანების დაკვეთით კომპანია "ანაგი" აშენებს.
























