ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს გამოცემული განკარგულებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ქუთაისის აეროპორტის გაფართოების პროექტის განხორციელებისთვის 58,500 კვადრატული მეტრის იძულების წესით გამოსყიდვის უფლება მისცა. ცნობისთვის, კომპანია ამჟამად 240 მილიონ ლარად ქუთაისის აეროპორტისთვის ახალ ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს აშენებს.
ექსპროპრიაციის შესახებ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ აეროპორტის გაფართოება ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტია, ხოლო "აეროპორტების გაერთიანებასა" და კომპანია "ალმის" შორის აეროპორტის მომიჯნავედ არსებულ მიწის ნებაყოფლობით ნასყიდობაზე შეთანხმება ვერ შედგა, ამიტომაც სახელმწიფო 58,551 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს იძულების წესით გამოისყიდის.
"შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, იდენტიფიცირდა საპროექტო არეალში მოქცეული კერძო საკუთრებები, რომელთა გამოსყიდვის მიზნით დაიწყო შესაბამისი პროცედურები. ამასთან, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული საპროექტო არეალში მოქცეული შპს „ალმის“ (ს.კ. 201949106) საკუთრებაში არსებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარცხანაყანებში მდებარე 300,000 კვადრატული მეტრის ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №29.11.35.214) ნაწილის 58 551 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა," - ნათქვამია ეკონომიკის მინისტრის განკარგულებაში.
ცნობისთვის, ქუთაისის აეროპორტის ახალი ზოლის მშენებლობა 2024 წლის ბოლოს დაიწყო. გასულ პროექტზე 50 მილიონი ლარი დაიხარჯა; 2025 წელს მასზე 70 მილიონი ლარია გათვალისწინებული, 2026-სა და 2027-ში კი 60-60 მილიონი ლარი. პროექტს სამშენებლო კომპანია "ანაგი" აშენებს.




























