ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ სატრანპორტო კვანძის მშენებლობა, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დაანონსებით, წელს უნდა დასრულებულიყო, 2020 წლამდე გაგრძელდება. მთავრობის მიერ, პარლამენტში წარდენილი კაპიტალური პროექტების ნუსხაში, ამ პროექტის დაფინანსება სწორედ 2020 წლის ჩათვლითაა გაწერილი. დოკუმენტის მიხედვით, მომავალი წლისთვის ამ მიზნით ბიუჯეტში 5 მილიონი ლარია გათვალისწინებული, 2020 წელსაც ასევე 5 მილიონი. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს, სატრანსპორტო კვანძის მშენებლობისთვის 10 მილიონი უნდა დახარჯულიყო, თუმცა აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ათვისება ჯერჯერობით ნულია.
შეგახსენებთ, რომ პროექტის მიხედვით რკინიგზის სადგურსა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს შორის 700 მეტრამდე დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს, რომელიც მოიცავს გზას, ავტოსადგომებს, დასასვენებელ წერტილებს, ესკალატორებს, სასტუმროებს და ა.შ. 2017 წლის აპრილში, პროექტის დაწყების საზეიმო ღონისძიებაზე, პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ის ერთი წლის თავზე დასრულდებოდა. წელს მაისის თვეში კი ვადა კიდევ 1 წლით გადასწია და დასძინა, რომ დაგვიანება პროექტის თავდაპირველი ვარიანტის გადამუშავებამ განაპირობა.