მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე რკინიგზა ერთ წელიწადში მივა

5c57e26894c3b
მარიამ ადამია
04.02.19 10:56
2441
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე რკინიგზა ერთ წელიწადში მივა.

ამის შესახებ ჩოგოვაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა და დასძინა, რომ არსებობს ალტერნატივა, რომლის თანახმადაც რკინიგზა, ტერმინალიდან, დაახლოებით, 600 მეტრის მოშორებით გაივლის.

ცნობისთვის: ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ სატრანპორტო კვანძის მშენებლობა, რომელიც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაანონსა, 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ გასული წლის მაისში კვირიკაშილმა პროექტის დასრულების ვადა კიდევ 1 წლით გადასწია და დასძინა, რომ დაგვიანება პროექტის თავდაპირველი ვარიანტის გადამუშავებამ განაპირობა.

გარდა ამისა, გიორგი ჩოგოვაძემ ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულებაზეც ისაუბრა, რომელიც ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობას 3-4-ჯერ გაზრდის.

„შენობის კონსტრუქციული ნაწილი უკვე აშენებულია. ამჟამად სამშენებლო სამუშაოები მეორე ფაზაშია, ვგულისხმობ შენობის შეფუთვას და გადახურვას. მალე დაიწყება მესამე ფაზაც ანუ საინჟინრო სისტემების დაყენება და წლის ბოლოს დასრულდება მეოთხე ფაზა, რომელიც გულისხმობს ავეჯისა და სპეციალური დანადგარების შეტანას, რაც საჭიროა, აეროპორტის ოპერირებისთვის“, - აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.

ჩოგოვაძის თქმით, 2020 წლისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძველი და ახალი ტერმინალი გაერთიანდება და შესაბამისად, გაიზრდება გამტარუნარიანობაც.

„დღეისათვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ერთდროულად სამასი მგზავრის გატარების საშუალება გვაქვს და ეს რიცხვი 1200 მგზავრამდე გაიზრდება; ასევე 3-დან 7-მდე გაიზრდება გეითების რაოდენობაც“, - აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები