მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს ადგილობრივმა მერიამ დაფინანსება შეუჩერა

Short film festival

ქუთაისის საერთაშორისო მოკლე მეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი სოციალური ქსელის საშუალებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ფესტივალის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა მათ დაფინანსებაზე უარი განუცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაფინანსების შეწყვეტის მიზეზი, საკმარისი თანხის არარსებობა დაასახელა.

"ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის მეგობრებო და გულშემატკივრებო!

მოგეხსენებათ, რომ უკვე მე-4 წელია, ქუთაისში ფესტივალს ვატარებთ, რომელიც მნიშვნელოვან მოვლენად იქცა ქუთაისისა და ქუთაისელი მაყურებლისთვის. ვცდილობთ, რომ ერთი მხრივ მოკლემეტრაჟიან ფილმებს გავუწიოთ პოპულარიზაცია, მეორე მხრივ კი - ქუთაისს დავუბრუნოთ კინო.მიმდინარე წელი ჩვენთვის განსაკუთრებულად რთული გამოდგა, რადგან კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესების ფონზე, უარი ვთქვით ეროვნული კინოცენტრისა და კულტურის სამინისტროს გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობასა და შესაბამისად - დაფინანსებაზე.

გასული წლების განმავლობაში ფესტივალის გენერალური სპონსორი იყო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. რომლის კონტრიბუციაც იყო არათანხობრივი და უზრუნველყოფდა ფესტივალის სტუმრებისა და გუნდის ცხოვრების ხარჯებს. წელს, მერიაში საკადრო ცვლილებების ფონზე, შეყოვნებებითა და ხარვეზებით მიმდინარეობდა ტენდერის პროცესი, რასაც მაქსიმალურად გაგებით ვეკიდებოდით და ბოლო წუთამდე გვჯეროდა, რომ ამ დაყოვნებების უკან სხვა არაფერი იდგა, რადგანაც წერილობითაც და სიტყვიერადაც გვქონდა შესაბამისი პირების დასტური და მხარდაჭერა მაგრამ, დღეს, 17 სექტემბერს, ფესტივალის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა ოფიციალური წერილით უარი განგვიცხადა შეთანხმებული პირობების შესრულებაზე, მიზეზად კი საკმარისი თანხის არარსებობა დაასახელა.

მათი განცხადებით: “ბოლო თვეების განმავლობაში, წარმოიშვა რამდენიმე გაუთვალისწინებელი პრობლემური საკითხი, რომლის დროული გადაჭრა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული მოქალაქეთა კეთილდღეობაზე” (ციტატა) შეპირებულ მხარდაჭერაზე უარის თქმის გარდა, ჩვენთვის დამანგრეველია ის დაკარგული დრო, რაც მერიის გადაწყვეტილების დაგვიანებამ გამოიწვია და ჩვენი ფესტივალი ფაქტობრივად გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო. მიუხედავად სირთულეებისა, ფესტივალის გუნდი მთელი წელია მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე, ყოველგვარი ფინანსური სარგებლის გარეშე მუშაობს, რომ ღონისძიება კიდევ უფრო მასშტაბური იყოს, ვიდრე გასულ წელს.ამ შრომის შედეგად, ფესტივალს სხვა უცხოელ სტუმრებთან ერთად წელს ესპანური და მსოფლიო კინოს ვარსკვლავი - მარისა პარედესი ეწვევა!

საბედნიეროდ ფესტივალს კვლავ გვერდში უდგას თიბისი კონცეპტი, ასევე მხარდამჭერები: საზოგადოებრივი მაუწყებელი, ესპანეთის წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს ეროვნული არქივი, ჩეხეთის ცენტრი თბილისში, მოლდოვის ნაციონალური კინოცენტრი, ორგანიზაცია “ევროპული კინოფესტივალები”, სტუდები: არებატო და ველოსიპედი, კომპანიები: სარაჯიშვილი და ბორჯომი, სასტუმროები: რუმსი და სტამბა, დოკუმენტური კინოს ასოციაცია DOCA.

ამ მხარდაჭერის დამსახურებით, ფესტივალის მზადების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, შეძენილია უცხოელი სტუმრების სამგზავრო ბილეთები და არასაკონკურსო პროგრამები.სწორედ ამიტომ, ყველას, ვისთვისაც ეს ფესტივალი მნიშვნელოვანია, გთხოვთ დახმარებას, გვჭირდება ქართველი და უცხოელი სტუმრების სასტუმროში განთავსებისა და მასპინძლობის თანხა. მხარი დაგვიჭირეთ, რათა გავაგრძელოთ ის, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მაყურებლამდე კინოს მიტანა! ვიმედოვნებთ, რომ 4-9 ოქტომბერს, თქვენი დახმარებით აუცილებლად შევხვდებით ქუთაისში!",- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

BM.GE აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისის მერიის სამსახურს ესაუბრა და პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები