მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის თიზ-ში მეორადი ელექტრომობილების ბაზრობის მოწყობით რამდენიმე ჩინური კომპანია ინტერესდება - საელჩო

ჩინური ავტომობილები

მიმდინარე წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ საქართველოში, კერძოდ ქუთაისში ჩინური ავტომობილების ბაზრობის მოწყობა იგეგმება. როგორც იმ დროს საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა, პროექტი მიმდინარე წელს განხორციელდება, რადგან დიპლომატის განმარტებით, ჩინური კომპანიები ფიქრობენ, რომ საქართველოში ინვესტირება უსაფრთხო და მოგებიანია.

გამომდინარე იქიდან, რომ მეორადი ავტომობილებით ვაჭრობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი საყრდენია და, რეალურად, საქართველოს ექსპორტის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ამ საქონელზე მოდის, დავინტერესდით, თუ რას გულისხმობს ეს პროექტი. როგორც საქართველოში ჩინეთის საელჩოს მრჩეველმა, ჭაო ჩუანმა BMG-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მეორადი ელექტრომობილების ბაზრობის მოწყობით რამდენიმე ჩინური კომპანია ინტერესდება.

“პირველ რიგში, ნება მომეცით განვმარტო, რომ ელჩი მეორადი ელექტრომობილების ბაზრობას გულისხმობდა. ცოტა ხნის წინ, ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პოტენციალის გამოსაკვლევად საქართველოს ჩინური ლოგისტიკური კომპანიები ეწვივნენ, რის შემდეგაც მათ ინტერესი გამოხატეს საქართველოში მეორადი ავტომობილების ბაზრის მიმართ. მათი პროგნოზის თანახმად, „შუა დერეფნის“ ეტაპობრივი განვითარება და E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულება ქუთაისის ინდუსტრიული ზონის პოტენციალს გამოავლენს. მათი სურვილია ისარგებლონ ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტრატეგიული მდებარეობითა და პოტენციალით, რათა ჩინეთსა და საქართველოს შორის მეორადი მანქანებით ვაჭრობის კუთხით ურთიერთობები გაძლიერდეს. ეს გულისხმობს ჩინური მეორადი მანქანების შემოსვლას საქართველოში, რაც დააკმაყოფილებს ადგილობრივ მოთხოვნას და გავლენას იქონიებს ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრებზეც”, - განაცხადა საქართველოში ჩინეთის საელჩოს მრჩეველმა, ჭაო ჩუანმა BMG-სთან საუბრისას.

გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისში მეორადი ელექტრომობილების ბაზრობის აშენებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის კონკურსში ჩინური კომპანიის გამარჯვების სიახლეები ერთმანეთისგან ძალიან ახლოს გაჟღერდა, გაგვიჩნდა კითხვა, ხომ არ არის ეს ორი პროექტი დაკავშირებული. როგორც ჭაო ჩუანმა გვითხრა, კომპანიების ინტერესი ამ ორი პროექტის მიმართ პირდაპირ კავშირში არ არის, მაგრამ ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით მათ სინერგიული ეფექტი ექნებათ.

“რამდენადაც ვიცი, ჩინური კომპანიების ინტერესი ამ ორი პროექტის მიმართ პირდაპირ კავშირში არ არის, თუმცა ანაკლიის პორტი, როგორც სატრანსპორტო კვანძი საქართველოში, აუცილებლად მოიზიდავს უფრო მეტ ინდუსტრიას საქართველოში ინვესტიციების განსახორციელებლად. როგორც ახლა აღვნიშნე, ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ უფრო მეტ ჩინურ კომპანიას ეწვიოს და ინვესტიციები განახორციელოს საქართველოში, და მზად ვართ გავაგრძელოთ წვლილი შევიტანოთ საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში”,- განაცხადა ჭაო ჩუანმა BMG-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, ჩინური ავტომობილები საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ საიმპორტო საქონლად ყალიბდება. გასულ წელს, ქვეყანაში $22.2 მილიონის ღირებულების 1,767 ჩინური ავტომობილი შემოვიდა, რაც 62%-ით მეტია, ვიდრე 2022 წელს. მიმდინარე წლის ხუთ თვეში კი, საქართველომ $18.6 მილიონის ღირებულების 1,119 ავტომობილი უკვე შეიძინა, ანუ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წელს იმპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდება. ამასთან, არაერთმა ჩინურმა ბრენდმა საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობაც გახსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები