მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუთაისის ყოფილი მერი ბიუჯეტის გაფლანგვას უარყოფს - შოთა მურღულიას განმარტება

5c46d16f84915
სალომე მეცხვარიშვილი
22.01.19 13:03
2092
ქუთაისის ყოფილი მერი შოთა მურღულია უარყოფს ინფორმაციას, რომ მისი მერობის პერიოდში სოციალური საცხოვრისის მოწყობაზე ბიუჯეტიდან დაუსაბუთებლად 1.6 მილიონ ლარზე მეტი გაიხარჯა.

როგორც შოთა მურღულია bm.ge-სთან აცხადებს, მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ქუთაისის მერიას არც ფინანსური ზარალი მიუღია.

საუბარია, ნიკეას ქუჩა 40-ში მდებარე ობიექტის სოციალურ საცხოვრისად გადაკეთების პროექტზე. 2016 წლის 11 ივლისს ქუთაისის მერიის მიერ შპს ,,სამედიცინო ინსტიტუტი ქუთაისის“ კუთვნილი შენობის რეკონსტრუქციისა და მრავალბინიან საცხოვრებელ სახლად გადაგეგმარებისთვის გამოცხადებულ კონკურსში შპს “სანომ” გაიმარჯვა.

კომპანიამ პროექტი მერიას 2017 წლის 9 მარტს ჩააბარა.

პროექტის გარშემო დავა წარმოშვა აუდიტის დასკვნებმა, რომელთა შეფასებებიც ერთმანეთს არ ემთხვევა. საუბარია, ერთის მხრივ, ლევან სამხარაულის სახელობის ბიუროსა და მეორე მხრივ, საერთაშორისო კომპანია Grant Thornton-ის დასკვნებზე.

რამდენიმე დღის წინ გამოცემა “ქუთაისი თუდეიმ” გამოაქვეყნა სამხარაულის ბიუროს დასკვნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ შენობა სოციალურ საცხოვრისად გადაცემის პროცესში ვერ აკმაყოფილებდა საცხოვრებლის ფუნქციებს. ასევე სამხარაულის დასკვნაში შენობაში 1 კვ.მ ფართის ფასად მითითებული იყო 540 ლარი და არა 429 დოლარი, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. ამ პირობებში კი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,სანოსთვის“ უნდა გადაერიცხა არა 3 823 598,25 ლარი, არამედ 1 643 197,05 ლარით ნაკლები.

შოთა მურღულია კი აცხადებს, რომ გამარჯვებულმა კომპანია “სანომ” წარმოადგინა Grant Thornton-ის დასკვნა, სადაც შენობის ექსპლუატაციაში მიღებისას კვადრატული მეტრის ღირებულება დღგ-ის ჩათვლით 429 დოლარს შეადგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის ყოფილი მერისთვის გაუგებარია, რატომ არ ემთხვევა ექსპერტიზის დასკვნებში მოცემული ფასები ერთმანეთს, თუმცა, ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს.

შოთა მურღულია ამბობს, რომ რადგან სამხარაულის ბიურომ ექსპერტიზა შენობის ექსპლუატაციაში შესვლიდან დაახლოებით, ერთ წელში გააკეთა, ფასები სწორედ ამის გამოა განსხვავებული.

მისი ვარაუდით, სამხარაულის ექსპერტიზის პირობებში შენობას, შესაძლოა, ჰქონოდა გარკვეული ტიპის დაზიანებებიც, რადგან თვეების განმავლობაში საცხოვრისი სარგებლობაში იყო.

შოთა მურღულია ამბობს, რომ მას არ ჰქონდა საფუძველი ეჭვი შეეტანა Grant Thornton-ის მიერ გაცემულ დასკვნაში, რამდენადაც კვ.მ-ის ფასები მანამდე ბაზრის კვლევითაც დადგინდა.

ყოფილი მერის თქმით, მისთვის ასევე უცნობია, რა მეთდოლოგიით იხელმძღვანელა სამხარაულის ექსპერტიზამ.

რაც შეეხება პროექტის გამო ქუთაისის მერიისთვის მიყენებულ ზიანს, შოთა მურღულია ამბობს, რომ პირიქით, კომპანიასთან ვაჭრობის შედეგად მერიამ დაახლოებით, 70 ათასი ლარი დაზოგა.

მისი თქმით, ხელშეკრულების გაფორმებისას არსებული სავალუტო კურსით, მერიას კვადრატულში 1038 ლარი უნდა გადაეხადა, თუმცა ვაჭრობის შედეგად, მხარეები 1000 ლარზე შეთანხმდნენ.

მურღულიას თქმით, ასევე მოხდა შეთანხმება ფართების განვადებით შესყიდვასთან დაკავშირებით. მერიას ფართები სექტემბერში გადაეცა, ხოლო გადახდა 5 თვეზე გადანაწილდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები