ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე, 4*-იანი Courtyard by Marriott-ის გახსნა 2028 წლისთვის იგეგმება. 120-ნომრიანი სასტუმროს პროექტს „რიკო ინვესტი“ 40 მლნ ევროს ინვესტიციით ახორციელებს. პროექტის დეტალებზე BM.GE-სთან "რიკო ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილმა ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, სასტუმროში სხვადასხვა კატეგორიის 120 ნომერთან ერთად მოეწყობა 150-ზე მეტ ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო სივრცე, რაც ქუთაისში მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზების შესაძლებლობას გააჩენს. ლაშა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის სასტუმროს საძირკვლის მოსამზადებელი სამუშაოები იწყება, მშენებლობის დასრულება და გახსნა კი 2028 წლისთვის იგეგმება.

„ჩვენ უკვე გავაფორმეთ მემორანდუმი “ქორთიარდ მარიოტთან”. საერთაშორისო ბრენდის ფრენჩაიზის მფლობელი “რიკო ინვესტია”. კომპანიის ხელმძღვანელი კი “რიკო ჯგუფის” წარმომადგენელი ბექა ტუღუში იქნება.
სასტუმრო პორტუგალიელი და ქართველ არქიტექტორების კოლაბორაციით აშენდება.
ამასთან, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, განსაკუთრებით რეგიონალურ ხელმძღვანელობას, ქალაქ ქუთაისის მერიას, რომელმაც ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია პროექტის დამტკიცებასა და შექმნაში.
ეს იქნება 120-ნომრიანი სასტუმრო, რომელიც ქუთაისს უფრო ფართომასშტაბიანი ტურისტული ჯგუფების მიღების საშუალებას მისცემს. ასევე თვითონ არქიტექტურული პროექტიდან გამომდინარე სასტუმროს ძალიან ლამაზი შიდა ეზო ექნება. ეს არ იქნება მხოლოდ სასტუმრო ტურისტებისთვის, ეს იქნება ადგილობრივების შეხვედრის ადგილი, კულტურული ღონისძიებების და კონფერენციების ჩატარების ახალი ლოკაცია. ჩვენ არ გვინდა რომ ეს იყოს მხოლოდ სასტუმრო. ჩვენ გვინდა რომ აქ იყოს კულტურული ცენტრიც. კულტურული ღონისძიებები, ეს იქნება გამოფენები თუ მწერლების შეკრებები ან ხელოვნებასთან მიმართებითაც, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს მათ სერვისი მინიმალური დანახარჯებით შევთავაზოთ“, - განაცხადა ლაშა ნიკოლაიშვილმა.

"რიკო ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სასტუმროს ქართული კომპანიები ააშენებენ. ამოქმედების შემდეგ კი სასტუმროში 250 სამუშაო ადგილი შეიქმნება. ლაშა ნიკოლაიშვილს აღნიშნავს, რომ დასაქმების კუთხით კომპანია ქუთაისში ემიგრანტების დაბრუნებას და დასაქმების კამპანიას აამოქმედებს.

„სასტუმროს მშენებლობის დასრულების შემდეგ, გვინდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ემიგრანტებისთვის სპეციალური აქცია ჩავატაროთ - „დაუბრუნდით მშობლიურ ქუთაისს, დაუბრუნდით მშობლიურ ქვეყანას“. სხვადასხვა ქვეყანაში სასტუმროებში დასაქმებულს ქუთაისის მცხოვრებლებს, მივცეთ ღირსეული ანაზღაურება და დავაბრუნოთ სამშობლოში. „რიკოსთვის“ ეს პროექტი ფინანსურად დიდად მოგებიანი ვერ იქნება, მაგრამ ეს არის ჩვენი მოკრძალებული წვლილი ქვეყნის განვითარებაში.
ფინანსურ სფეროში გაცილებით უფრო მაღალი მოგების კოეფიციენტებია. სასტუმრო ინდუსტრიაში მარჟები მცირეა, მაგრამ ეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგია. წარმოშობით იმერელი ვარ და მინდა ჩემს ქვეყანას, ჩემს საყვარელ იმერეთს რაღაც ისეთი შევძინო, რაც ქალაქისთვის ტურიზმისთვის, ადგილობრივი კადრების დასაქმებისთვის კარგი იქნება. დღესდღეობით მთავრობა იმერეთის განვითარებით არის დაინტერესებული, განსაკუთრებით აეროპორტის მიმართულებით ძალიან ბევრი ნაბიჯებია გადადგმული გაფართოებისთვის ტურისტული ნაკადები ძალიან დიდია და ვფიქრობ, ქუთაისს დღეს, ასეთი ობიექტი ძალიან სჭირდება. მთავარია პროექტი გამოვიდეს, იყოს წარმატებული, ხალხი დასაქმდეს, ტურისტული ნაკადები შემოვიდეს და ჩვენთვის თუნდაც მინიმალური მოგებაც სრულიად საკმარისი იქნება“, - აღნიშნა ლაშა ნიკოლაიშვილმა.





























