მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისში მდებარე სამკერვალომ იტალიურ "მონკლერთან" დაიწყო თანამშრომლობა

62a86d59ca468
მარიამ იზორია
14.06.22 22:05
1866
სამკერვალო ფაბრიკა"იმერმა“ იტალიურ ბრენდ "მონკლერთან“ თანამშრომლობა დაიწყო. კომპანიამ ბრენდს საცდელი პარტია უკვე გაუგზავნა.

როგორც „იმერის“ კომერციული დირექტორი ზაზა გვენეტაძე bm.ge-სთან ამბობს, "მონკლერთან" მოლაპარაკებებს სამი წლის განმავლობაში აწარმოებდნენ და ბრენდის წარმომადგენლებმა „იმერთან“ თანამშრომლობის გადაწყვეტილება ქუთაისში ორი ვიზიტის, სიმძლავრეების გათვლისა და ხარისხის შეფასების შემდგომ მიიღეს.

„უკვე ერთი თვეა, რაც "მონკლერთან" თანამშრომლობა დავიწყეთ. საცდელი პარტია - 500 ცალი ქურთუკი გავგზავნეთ. ერთ კვირაში უკვე მეორე აგრეგატით დავიწყებთ მუშაობას. ეს თანამშრომლობა საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგია, „მონკლერის“ წარმომადგენლები ქუთაისში ორჯერ ჩამოვიდნენ, შეაფასეს ხარისხი, გათვალეს სიმძლავრეები და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღეს. ასეთი ბრენდები თანამშრომლობაზე მარტივად არ მოდიან“, - ამბობს ის.

BMG-ის კითხვას - რა უპირატესობა აქვს კომპანიისთვის უცხოურ ბრენდებთან თანამშრომლობას - „იმერის“ კომერციული დირექტორი ასე პასუხობს:

"საქართველოში ამ მოცულობის შეკვეთებს არ გვაძლევენ. ჩვენ 330 თანამშრომელი გვყავს; თვეში, დაახლოებით, 15 000 ერთულ პროდუქციას ვკერავთ, წელიწადში 180 000-ზე ავდივართ. ასეთი დიდი მოთხოვნა საქართველოს ბაზარზე არ არის, აქ კომპანიამ მაქსიმუმ 5 000 ერთეული პროდუქციის დამზადება შეგიკვეთოს“, - განმარტავს ზაზა გვენეტაძე.

ცნობისთვის: „იმერი“, გარდა „მონკლერისა“, უკვე 20 წელია გერმანულ ბრენდ „ლებეკთანაც“ თანამშრომლობს. კომპანია ბრენდთან კონტრაქტს ყოველ 6 თვეში აფორმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები