ქუთაისში პირველი ბრენდული სასტუმრო Best Western Kutaisi 2017 წლის დასაწყისში გაიხსნება. პროექტს "კაპიტოლჯგუფი" და "საპარტნიორო ფონდი" ახორციელებენ.
ამჟამად სასტუმროს გარე ფასადის და შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. "კაპიტოლ ჯგუფში" აცხადებენ, რომ პროექტის ღირებულება დაახლოებით 3 მილიონი დოლარია.
სასტუმრო ქუთაისის ისტორიულ ცენტრში საერთაშორისო ბრენდის ქვეშ დაიწყებს ფუნქციონირებას. იგი 45 ნომრისგან შედგება, მათ შორის არის 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი. სასტუმრო მორგებული იქნება შშმ სტუმრებისთვის. ასევე სასტუმროში განთავსდება 3 მობილური საკონფერენციო დარბაზი, რომელთა ჯამური ტევადობა დაახლოებით 100 კაცამდეა.
სტუმრებს ორი კვების ობიექტი მოემსახურება - კაფე და რესტორანი ღია ტერასით შენობის სახურავზე პანორამული ხედებით ქალაქზე.
სასტუმროს მართვის მომსახურებას გაუწევს T3 Hospitality Management, ესპანეთის წამყვანი სასტუმროების მართვის კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან არის წარმოდგენილი.

























