მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუთაისში პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოების აშენება შფერხებულია

5bc72a4902788
მაია ბიწაძე
17.10.18 16:25
1851
ქუთაისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოების აშენება შეფერხდა, რისი მიზეზიც ის საკანონმდებლო ინიციატივები გახდა, რაც საქართველოში პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების შეზღუდვას ითვალისწინებს, - ამის შესახებ Bm.ge-ს ჰუალინგის თავისუფალი ეკონომიკური ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ განუცხადა. შეგახსენებთ, რომ პლასტმასის ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების გახსნაზე ორ კომპანისთან, მათ შორის ერთ ინდურ და ერთ ჩინურ კომპანიასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება. თითოეულ საწარმოში მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადება იგეგმებოდა.

„ჩვენ ამ კომპანიებთან საკმაოდ პროგრესი გვქონდა, აქტიურად ვმუშაობდით და წინ წავიწიეთ, მათ შორის იმ საკონსულტაციო კომპანიებთან, რომლებიც საშუამავლო საქმიანობას ახორციელებენ და ეხმარებოდნენ მათ ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, იმ დოკუმენტაციისა და პროცედურების ორგანიზებაში, რაც საჭირო იყო. თუმცა, ამ პროექტებთან დაკავშირებით შემაფერხებელი გარემოებები გვაქვს. წერილობით მივმართეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე ეკონომიკის სამინისტროს, მას შემდეგ რაც მედიით მოვისმინეთ, რომ სახელმწიფო აპირებს შეზღუდოს მეორადი პლასტმასისა და ნარჩენების იმპორტი და გადამუშავება საქართველოში.

ჩვენ გვინდა გავერკვეთ, რამდენად გეგმავს სახელმწიფო, რომ ხსენებული ნორმები ამუშავებული იქნას თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებშიც. ეს არის ზონები, სადაც ხდება ინდუსტრიული აქტივობა, შესაბამისად გამარტივებული ნორმებია, როგორც სამშენებლო, ისე საბაჟო მიმართულებით და ვთვლით, რომ ასეთი ტიპის ინდუსტრიებზეც შესაძლებელია დაშვებული იქნას გამონაკლისები. მითუმეტეს, რომ ინდური და ჩინური კომპანიების გადამუშავების მოდელი არ გულისხმობს გარემოს მკვეთრ დაბინძურებას, ან ჰაერში მავნე ნივთიერებების გაშვებას, ეს ძალიან სუფთა ტიპის გადამუშავებაა“ - განაცხადა სოსო ნიბლაძემ.

მისივე განმარტებით, ინვესტორი კომპანიები მზად არიან მონაწილეობა მიიღონ პროექტში, რომელიც საქართველოში პლასტმასის ნარჩენების შეგროვებას უზრუნველყოფს. მათთვის გაცილებით მომგებიანია ნედლეულის მოპოვება საქართველოში, ვიდრე მისი შემოტანა იმპორტით.

,, გადამამუშავებელი საწარმოების არსებობა ხელს შეუწყობს ამ მიმართულების განვითარებას, რასაც ჰქვია პლასტმასის ნარჩენების შეგროვება-კონსოლიდაცია, რაც ამჟამად არ არსებობს საქართველოში. ამ ინვესტორებსაც აქვთ სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ თემაში, რომ კოორდინაცია ჰქონდეთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან. მათაც ურჩევნიათ, რომ საქართველოში მოხდეს პლასტმასის ნარჩენების საკმარისი ოდენობით მოგროვება და შეტანა თიზში, ვიდრე ეს პროდუქცია ევროპიდან შემოიტანონ გადასამუშავებლად. მათ ნედლეულის იმპორტი გაცილებით ძვირი დაუჯდებათ, მაგრამ, რადგან დღეს არ არის ეს ნარჩენები ორგანიზებული სახით საქართველოში, ისინი იძულებული არიან გერმანიიდან შემოიტანონ მეორადი პლასტმასი, რისგანაც შემდეგ იწარმოება პლასტმასის გრანულები. გრანულების გასაღების ბაზარი ჩინური და ინდური კომპანიებისთვის არის ევროპის ქვეყნები და საქართველოდან ამ პროდუქციის ტრანსპორტირება მათთვის მომგებიანია, ვიდრე საკუთარ ქვეყნებში. გარდა ამისა, წარმოებისას საოპერაციო დანახარჯებით ჩვენ დიდ კონკურენციას ვუწევთ ამ ქვეყნებს, რადგან ძალიან გაიზარდა იქ მუშახელის ხელფასი. მაგალითად, ჩინეთში მუშახელის მინიმალური ხელფასი უკვე 500-600 დოლარი გახდა. ეს კომპანიები ჩვენს მუშახელს 250-300 დოლარს მაინც გადაუხდიან, რაც 700-800 ლარს უდრის, რაც საკმაოდ კარგი ხელფასია იმ რეგიონისთის, სადაც მუშახელის დასაქმების პრობლემაა“ - განაცხადა სოსო ნიბლაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები