ქუთაისში მომუშავე უძრავი ქონების კომპანია „კიდობანის“ დამფუძნებლის“ თენგიზ გიორგაიას თქმით, ქალაქის ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინის ღირებულება კვ.მ-ზე 700$-დან იწყება, რაც შეეხება ქალაქის ისტორიულ ნაწილს, აქ ფასი 1200$-იდან1400$-მდე მერყეობს.
როგორც გიორგაიამ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, ქუთაისის დეველოპერული ბაზრით ამ დრომდე მხოლოდ ადგილობრივი კომპანიები ინტერესდებიან, რომლებიც ბაზარს პრემიუმ სეგმენტის ბინებს არ აწვდიან.
„ქუთაისში უმეტესად საცხოვრებელი ტიპის უძრავი ქონება შენდება, რომელიც საშუალო კლასს მიეკუთვნება. პრემიუმ კლასის საცხოვრებლები თავის ეზოთი, პარკინგით, რეკრეაციული ზონით არ შენდება.
ქალაქის ცენტრში ისტორიული ზონაა და შეზღუდვებია მაღალ სართულიანზე, ნებართვა არ გაიცემა, ამიტომ დეველოპერები ნელ-ნელა გამოდიან გარეუბნებში. ძირითადად ადგილობრივი კომპანიები აშენებენ, თუმცა ბოლო დროს არის ზარები თბილისიდანაც, ეძებენ მიწის ნაკვეთებს, ძველ შენობას, ნელ-ნელა იზრდება ამ ნაწილში კომპანიების ინტერესი და იმედია ეს გაგრძელდება.
ქუთაისელს საინვესტიციოდ ვისაც უნდა უძრავი ქონება ან თბილისში მოდის, ან ბათუმში. ვინც აქ ყიდულობს ბინას, უმეტესად არიან ადგილობრივები, ემიგრანტები. მიზნობრიობა არის საცხოვრებლის გაფართოება ან ოჯახების გაყოფა.
ახალაშენებულ კორპუსში ნორმალურ ადგილზე 700$-იდან იწყება ფასი, ცენტრში 1200-1400$-იც კი ღირს რადგან ცენტრში როგორც აღვნიშნე შეზღუდვაა ახალ მშენებლობებზე, ამიტომ დეფიციტურია. ძველი გარემონტებული ბინები ცენტრალურ უბნებში, ავეჯით 1200$ ღირს, სარემონტოს ფასი 900-1000$-ია“, - განაცხადა გიორგაიამ.