ჰუალინიგის კუთვნილ ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საკონიაკე სპირტის საწარმო ამოქმედდება, რომელსაც ქართული კომპანია "გლობალ თრეიდინგ სპირითს“ აკეთებს, ამის შესახებ Bm.ge-ს ჰუალინგის თავისუფალი ეკონომიკური ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობს საწარმოს აღჭურვა შესაბამისი ტექნიკითა და დანადგარებით, რაშიც პირველ ეტაპზე მილიონი დოლარის ინვესტიცია იდება, მაგრამ კომპანია სამომავლოდ გაფართოებას გეგმავს.
სოსო ნიბლაძის განმარტებით, კონიაკის საწარმო სპირტის წარმოებას რამდენიმე თვეში დაიწყებს. თიზ-ში უკვე ფუნქციონირებს ერთი სპირტის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ესპანური ინვესტიციით შეიქმნა, მასში 5 მილიონი დოლარი ჩაიდო, საწარმოში ღვინომასალა მოაქვთ და შემდგომ ხდება საბრენდე სპირტის გამოხდა, რომელიც ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყანაში გააქვთ.
ჰუალინგის თავისუფალი ეკონომიკური ზონა 2015 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს, ის ქუთაისის ცენტრში, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარზეა განთავსებული, რომლის 30% უკვე ათვისებულია. ამჟამად თიზში 110 ქართული და უცხოური კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა 10-15%-იც საწარმოო, დანარჩენი კი სავაჭრო და მომსახურების სერვისების მიმწოდებელი კომპანიაა.

























