ქუთაისში საქართველოში ყველაზე დიდი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება. ქუთაისის მერის მოადგილის პაატა კლდიაშვილის ინფორმაციით, საინფორმაციო ცენტრი ქუთაისში მომავალი წლის დასაწყისში ამუშავდება.
მისივე განცხადებით, საინფორმაციო ცენტრი მრავალფუნქციური იქნება - ვიზიტორებს გარდა ტურისტული ინფორმაციისა, სხვადასხვა საბანკო ოპერაციის შესრულების შესაძლებლობა ექნებათ, როგორიცაა გადარიცხვები, თანხის გადახურდავება და ა.შ. ადგილზე განთავსებული იქნება კაფე, ბარგის შესანახი ოთახი და სხვა.
საინფორმაციო ცენტრი გამორჩეული იქნება იმითაც, რომ აქ მცირე მუზეუმიც განთავსდება, რომელიც ვიზიტორებს არგონავტების მითის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
პაატა კლდიაშვილის ცნობით, საინფორმაციო ცენტრი ქუთასის ცენტრში აშენდება. შენობა სახელმწიფომ მილიონ-ნახევარ ლარად შეიძინა და ამჟამად იქ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

























