ქუთაისში მდებარე ჰოსტელი “შავი პომიდორი”, რომელიც პანდემიის გამო დაიხურა, დამსვენებელს განახლებული სახით უკვე ერთი თვეა მასპინძლობს. “შავი პომიდორის” დამფუძნებელი ელენე ზამთარაძე bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ სასტუმრო შვიდ პრივატულ და ორ საერთო სარგებლობის ოთახს, ტერასას, ეზოსა და რესტორანს აერთიანებს.
“ჩვენი ახალი ლოკაცია საფიჩხიას უბანი, გოგებაშვილის 24 ნომერია, სულ რაღაც ერთი თვეა დავბრუნდით ბაზარზე, ამჯერად ჰოსტელი გაიზარდა და ჯამში 40-მდე სტუმრის მიღება შეგვიძლია. ეს რიცხვი, ფაქტობრივად, ორჯერ აღემატება ძველ “შავ პომიდორს”, გვაქვს ეზო, ეზოში ტერასა, დაგეგმილი გვაქვს სახურავზე ასასვლელი ტერასის დამატება. ამასთან გავაუმჯობესეთ ინფრასტრუქტურა და მომსახურება, ერთგულები ვრჩებით ჩვენი 5 მთავარი კომპონენტის, რომელიცაა - ცენტრალური ლოკაცია, განსხვავებული და საინტერესო ინტერიერი, მეგობრული და სტუმრებზე მორგებული სერვისი, ხელმისაწვდომი ფასი და სივრცეები სოციალიზაციისთვის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს კომპონენტები ერთობლიობაში იყოს”, - დასძინა მან.
დამფუძნებლის თქმით, ბრენდმა კომფორტის ნაწილი გააუმჯობესა, ჩანაფიქრში თავიდანვე იყო დივერსიფიცირებული ოთახები, შესაბამისად, ახლა “შავ პომიდორში” სტანდარტული, Superior და პანორამული ოთახებია, ფასები კი კატეგორიებიდან გამომდინარე 120 ლარიდან 240 ლარამდე მერყეობს.
ელენე ზამთარაძის შეფასებით ზაფხულის ტურისტულ სეზონს ჰოსტელისთვის დადებითად აფასევს და BM.GE-სთან დატვითვის მაჩვენებელზე საუბრობს.
“ჩვენ გვიან შემოვუერთდით სეზონს, თუმცა ერთი თვის განმავლობაში მაინც მივიღეთ სტუმრები და დამსვენებლების რაოდენობა მაღალი იყო, ამაში ხელს გვიწყობს Wizzair-ის ფრენები ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით, იმის მიუხედავად, რომ წელს ძალიან ბევრ ქართველს ვუმასპინძლეთ, რაც შეეხება უცხოელ მომხმარებელს, ამ მხრივ ყველაზე მეტი სტუმარი გერმანიიდან, ჰოლანდიიდან და ბრიტანეთიდან გვყავს. ამჟამად სასტუმროში 70-75%-იანი დატვირთულობა გვაქვს, ზამთრის სეზონისთვის მოლოდინები დიდია”, - აღნიშნა მან.
აღსანიშნავია ისიც,რომ ბრენდმა ახალი რესტორანი, სახელად “Black Tomato Kitchen” გახსნა, რომელიც განსხვავებული კონცეფციითაა.
“უბანი, საფიჩხია, სადაც ჩვენი სასტუმროა განთავსებული, ებრაელების უბანია, ამიტომ ქართველ ებრაელებს ებრაული კულინარიის შესახებ გამოვკითხეთ, ავარჩიეთ რეცეპტები, ახლა გვაქვს ებრაულ-ქართული რეცეპტებით შექმნილი მენიუ, რომელიც ძალიან განსხვავებული და გამორჩეულია”, - ამბობს დამფუძნებელი.
ცნობისთვის: ვინტაჟური ტიპის ჰოსტელმა დამსვენებლის მიღება 2019 წლის აპრილში დაიწყო, 2020 წელს პანდემიის დაწყებასთან ერთად ბიზნესს გაჩერება მოუწია, თუმცა მიმდინარე წელს “შავი პომიდორი” ბაზარზე დაბრუნდა და განაგრძობს მომსახურებას. სასტუმროში ამჟამად 8 ადამიანი, ხოლო რესტორან “Black Tomato Kitchen”-ში 4 ადამიანია დასაქმებული.