საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები (კ.კ. და კ.ა.) დააკავა.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის ამჟამინდელი მფლობელი და დირექტორი კახაბერი აბზიანიძეა, რომელიც კომპანიას დაარსებიდან ფლობდა, თუმცა გასული წლის 27 ოქტომბრამდე დირექტორი , კორნელი კიღურაძე იყო.
საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხები, მოტყუებით დაეუფლნენ სხვის ქონებას და უკანონოდ ისარგებლეს დაყადაღებული ქონებით.
საქმის მასალების მიხედვით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის ბრძანებით, შპს „სკაიფორტს“ ბარათაშვილის ქუჩა №139-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა მიეცა (ვადა 2019 წლის თებერვლამდე განისაზღვრა). კომპანიამ მშენებლობის მხოლოდ გარკვეული ეტაპები განახორციელა, პროექტი კი დღემდე არ დასრულებულა.
91 მომავალ მესაკუთრეს სხვადასხვა ფართი ჰქონდა შეძენილი და შესაბამისი თანხებიც გადახდილი, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელებმა ეს თანხები მშენებლობას არ მოახმარეს. მათ მოქალაქეთა კუთვნილი 1 258 332 აშშ დოლარი და 411 897 ლარი მიითვისეს.
ფართების სრულად რეალიზაციის შემდეგ, დამატებითი სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულებმა მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანეს და 15 პირს ჯამში 1 287 კვ.მ არარსებული ფართი მიჰყიდეს, რისიშედეგადაც თაღლითურად დამატებით 430 000 აშშ დოლარს დაეუფლნენ.
საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულთა მოქმედებით მოქალაქეებს საერთო ჯამში 1 688 374 აშშ დოლარისა და 411 897 ლარის ოდენობის ზიანი მიადგათ.
რა მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება?
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 180-ე მუხლი (თაღლითობა); 182-ე მუხლი (მითვისება ან გაფლანგვა); 377-ე მუხლი (დაყადაღებული ან ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონებით უკანონო სარგებლობა).
აღნიშნული დანაშაულები 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა, ლევან წაქაძემ განაცხადა, უწყება აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულებრივ სქემაში შესაძლო სხვა მონაწილე პირების გამოვლენისა და იდენტიფიცირების მიზნით.




























