ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული მინა-პლასტმასის არმატურა ევროპაში იყიდება, ამის შესახებ Bm.ge-ს ჰუალინგის თავისუფალი ეკონომიკური ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, საწარმო რამდენიმე თვის წინ გაკეთდა და უკვე სრული დატვირთით მუშაობს. წარმოება აზერბაიჯანულ-ქართული ინვესტიციით მოეწყო და მასში 1 მილიონი დოლარი ჩაიდო.
შგახსენებთ, რომ ჰუალინგის თავისუფალი ეკონომიკური ზონა 2015 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს, ის ქუთაისის ცენტრში, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარზეა განთავსებული. ამჟამად თიზ-ში 150 ქართული და უცხოური კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა 10-15%-იც საწარმოო, დანარჩენი კი სავაჭრო და მომსახურების სერვისების მიმწოდებელი კომპანიაა.

























