მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქუვეთში ქართული ცხვრით, თაფლით და ხილ-ბოსტნეულით ინტერესდებიან"

5b235a7dc1419
მაია ბიწაძე
15.06.18 10:18
1162

"ქუვეითში ქართულ ცხვარზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, ასევე ინტერესდებიან თაფლით და ხილ-ბოსტნეულით”, - ამის შესახებ Bm.ge-ს ქუვეითში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ელჩმა, როლანდ ბერიძემ განუცხადა. მისი თქმით, ქუვეთის ინტერესი საქართველოს მიმართ ძალიან გაზრდილია და ამის დასტურია ის აქტიური საჰაერო მიმოსვლაც, რაც ამ ქვეყანამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოსთან დაიწყო. შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, რეგულარული რეისების შესრულება ქუვეითის მოწინავე ავიაკომპანიამ Jazeera Airways -მა დაიწყო, რომელიც რიგით მესამე ავიაკომპანიაა ამ ქვეყნიდან.

,, ქუვეითი ჯერ-ჯერობით ისეთი აქტიური არ არის, როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროები, მაგრამ მათი ინტერესი საქართველოს მიმართ ძალიან გაზრდილია. ოთხი წლის წინ, მათ არანაირი ინტერესი არ ჰქონდათ, ბოლო ერთ წელში კი უკვე სამი ავიაკომპანია შემოვიდა საქართველოს ავიაბაზარზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ქუვეითელი ხალხის ინტერესი საქართველოს მიმართ დიდია, ისინი ძალიან ბევრს მოგზაურობენ და ჩვენი ქვეყანა აშკარად მათი ინტერესის სფეროში მოექცა“ -განაცხადა როლანდ ბერიძემ.

როგორც ელჩი ამბობს, მოქალაქეებისა და ტურისტების გარდა საქართველოთი ქუვეითელი ბიზნესმენებიც ინტერესდებიან.

"როდესაც ქვეყნებს შორის პირდაპირი რეისები ინიშნება, იქ უკვე ბიზნეს ურთიერთობებიც იზრდება. ისინი ამ ინტერესს ჩვენთან პირად საუბრებში გამოხატავენ, მოდიან საელჩოში და ითხოვენ ინფორმაციას საქართველოს შესახებ, აქ არსებულ ბიზნეს და სამართლებრივ გარემოზე, აინტერესებთ კონტაქტები. ჩვენ ვეხმარებით მათ და მაქსიმალურ ინფორმაციას ვაწვდით საქართველოზე, ჩვენს პროექტებზე და საექსპორტო შესაძლებლობებზე.

პირველი, რითაც ისინი ინტერესდებიან, ეს არის ცოცხალი ცხვრის ექსპორტი, რომლიც საუდის არაბეთში და საამიროებში წლებია ხორციელდება, ქუვეითშიც მაქსიმალური რაოდენობა შეაქვთ უკვე. იქ ცხვარი ძირითადად სეზონურად შედის, როდესაც რამადანია. წელიწადში სადღაც 30 -32 ათას ცხვარი მიჰყავთ. აინტერესებთ თაფლიც. რამდენიმე კომპანია იყო საქართველოში ჩამოსული, რომ თაფლის გატანაზე მოლაპარაკებები ეწარმოებინა. ქუვეითში შემოვიდა ქართული ლიმონათიც, რომელსაც კომპანია "ნატახტარი" აწარმოებს. დიდი ინტერესია ქართული ხილ-ბოსტნეულის შეტანაზეც, რაზეც ასევე მოლაპარაკებებია" - განაცხადა როლანდ ბერიძემ.

როგორც ელჩი განმარტავს, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გარდა, ქუვეითელები საქართველოში უძრავი ქონებითაც ინტერესდებიან. ისინი დიდი ოდენობით უძრავ ქონებას, მათ შორის საცხოვრებელ ბინებს ყიდულობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები