მარნეულის მუნიციპალიტეტში, 12დეკემბერს, ქვესადგურის „მარნეული 500“-ის მშენებლობის დასრულების ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, აზიის განვითრების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალარი და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე დაესწრებიან.
ქვესადგური "მარნეული 500" „რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში აშენდა. პროექტი "აზიის განვითარების ბანკის" (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 50 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ განხორციელების შედეგად შესაძლებელი გახდა ელექტროენერგიის გადაცემის სიმძლავრის გაზრდა, ფოთის ინდუსტრიული ზონისათვის დამატებითი სიმძლავრის უწყვეტი მიწოდება, თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტის ხელშეწყობა, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის, განსაკუთრებით თბილისის და ქვემო ქართლის ელექტროენერგიით მომარაგების გაუმჯობესება, საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის გაზრდა და ელექტროენერგიის ექსპორტის/იმპორტის/ტრანზიტის და მეზობელ ქყვეყნებთან რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობა“, - აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში.
„მარნეული 500“-ის მშენებლობის პროექტის ღირებულებამ 20 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სამშენებლო სამუშაოები თურქულმა კომპანიამ BEST/BETAS აწარმოა.
სამინისტროს ცნობით, ქვესადგური „მარნეული-500“ის მშენებლობის შედეგად, გაიზარდა ქვემო ქართლში განლაგებული თბოსადგურებიდან სიმძლავრის უსაფრთხოდ გამოტანის შესაძლებლობა და ენერგოსისტემის საიმედოობა. ხელი შეეწყო მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიით რეგიონულ ვაჭრობას. აღნიშნული ქვესადგური გახდება ერთ-ერთი საკვანძო ენერგოობიექტი იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის განსახორციელებლად მეზობელ ქვეყნებს შორის.

























