ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა პარლამენტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი გზის გახსნა სავარაუდოდ 2028 წელს მოხდება. ეს წარმოადგენს პროექტის დასრულების გადავადებას, რადგანაც ოქტომბერში პარლამენტში ინტერპელაციისას ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ მშენებლობა 2027 წელს უნდა დასრულებულიყო.
"ორი ნაწილისგან შედგება პროექტი. პირველი ლოტი არის 9-კილომეტრიანი გვირაბი გაჭრილია და ახლა მიმდინარეობს გვირაბის შიდა სამუშაოები. მეორე ლოტი არის მისასვლელი გზა რომელიც მოიცავს გვირაბებს და უნიკალურ თაღოვან ხიდს, რომლის მშენებლობაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს. თვითონ ამ მეორე ლოტის სამუშაოების დასრულება მოსალოდნელია 2028 წლის განმავლობაში. მომავალ წელს შესაძლებელი იქნება რომ გუდაურამდე მისასვლელი გზა გაიხსნას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შენდება 5 გვირაბი და 5 ხიდი", - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.
გზის სამშენებლო სამუშაოები ორ ნაწილად არის დაყოფილი, მათგან ყველაზე ძვირად ღირებულია 9-კილომეტრიანი გვირაბის და მისი საევაკუაციო გვირაბის მონაკვეთი, რომელზეც ჩინური კომპანია China Railway Tunnel group Co მუშაობს. ამ კონტრაქტის ფარგლებში გათვალისწინებული ორივე გვირაბის გაყვანა დასრულებულია და მათი შიდა მოსახვისა და ვენტილაციის სისტემით აღჭურვის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ლოტის ღირებულება 902 მილიონ ლარს შეადგენს.
რაც შეეხება გზის მეორე 12.7-კილომეტრიან მონაკვეთს, მისი ღირებულებაა 317 მილიონი ლარი და მასზე სამუშაოებს China Railway 23rd Bureau Group Co ახორციელებს. გზის ეს მონაკვეთი ითვალისწინებს 5 ხიდის და 4 გვირაბის მშენებლობას და ასევე 1 ხიდის რეაბილიტაციას. გზის ამ მონაკვეთზე გვირაბების სიგრძეებია 1541 მეტრი, 194 მეტრი, 388 მეტრი და 299 მეტრი. ხოლო ხიდების სიგრძეებია 435 მეტრი; 426 მეტრი; 322 მეტრი; 218 მეტრი; 148 მეტრი და 42 მეტრი.
ამჟამად სამუშაოების უმეტესი ნაწილი გზის სწორედ ამ მონაკვეთზე არის დარჩენილი. მათ შორისაა ურთულესი 426-მეტრიანი თაღოვანი.
გზის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი $415 მილიონით, EBRD-ი კი $60 მილიონით აფინანსებს.




























