მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეშეთი-კობის გვირაბის სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მოინახულა - რა გაკეთდა

დდ
02.12.23 11:17
1235

ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში მშენებარე 9 კმ-იანი გვირაბის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ქვეშეთი-კობის გზის პროექტი აზიის განვითარებისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკებითან (EBRD) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს.

სამინისტროს ცნობით, ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი, რომლის ფარგლებშიც შენდება 23 კმ-იანი, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება 1 ხიდს.

ამ დროისათვის, 5 გვირაბიდან უკვე გაიჭრა 2 გვირაბი, ხოლო ყველაზე გრძელი - 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი უკვე 8 კმ და 100 მ-ზეა გაჭრილი. სამუშაოები აქტიურად გრძელდება დანარჩენ გვირაბებსა ხიდებზეც, სადაც ბურჯებისა და ხიმინჯების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის დასრულება ეტაპობრივად 2024-2025 წლებში იგეგმება.

„პროექტი, რომელიც წარმოადგენს ყველა დაგროვილ გამოწვევაზე კომპლექსურ პასუხს, ვითარდება ინტენსიური სამუშაოების ფონზე და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ქვეყნის შიგნით რეგიონული კავშირისთვის, ისე საერთაშორისო რეგიონული თვალსაზრისით. შთამბეჭდავი პროცესია ამ ისტორიული პროექტის 9 კმ-იანი გვირაბის ბურღვითი სამუშაოები, სადაც მომდევნო წელს დაიწყება ელექტრო, მექანიკური, უსაფრთხოების და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი სისტემების მონტაჟიც. პარალელურად, იჭრება სათადარიგო საევაკუაციო გვირაბი, გრძელდება მისასვლელი გზის, ხიდების მშენებლობაც,“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

„აღფრთოვანებული ვარ იმ შესანიშნავი წინსვლით, რომელსაც მივაღწიეთ ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორთან - ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობით. გვქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა ადგილზე გავცნობოდით საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქვეშეთი-კობის გზის ინფრასტრუქტურულ პროექტს და გვენახა გვირაბის გაყვანის სამუშაოები. გვირაბის დიდი ნაწილი გაბურღულია და სამუშაოები დასრულდება მომავალი წლის თებერვალში,“- აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, ევგენი ჟუკოვმა.

9 კმ-იანი გვირაბის ბურღვის სამუშაოები პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული გვირაბგამყვანი დანადგარით (TBM - Tunnel Boring Machine) წარმოებს. ამ ეტაპზე, სამუშაოების დაახლოებით 90% შესრულებულია. ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი, საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება.

ქვეშეთი-კობის გზის პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზისა და ტურისტული ცენტრის მშენებლობაც.

პროექტის დასრულების შემდეგ, კობის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ზამთარში აღარ შეიზღუდება. უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებასთან ერთად, ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროსაც და ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათის ნაცვლად 15 წუთი დასჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები