ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა 2027 წელს დასრულდება - ამის შესახებ "ოცნების" მთავრობაში ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ პარლამენტში ინტერპელაციისას განაცხადა.
რევაზ სოხაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი, 9-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა დასრულებულია, ყველაზე რთულ მონაკვეთად რჩება 426 მეტრის სიგრძის და 166 მეტრის სიმაღლის თაღოვანი ხიდის მშენებლობა, რომლის დროულად დასრულება რთული კლიმატური პირობების გამო გართულდა. აღნიშნულიდან გამომდინარე მთავრობა მომდევნო წელს მხოლოდ გუდაურამდე მისასვლელ ახალ 6-კილომეტრიან გზას გახსნის, ხოლო კობამდე მოძრაობა მხოლოდ აღნიშნული ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ გაიხსნება.
„როგორც მოგეხსენებათ, ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი მთავარი გვირაბის გაყვანა, გვირაბის საბურღე მექანიზმების საშუალებით დასრულებულია. მიმდინარეობს საევაკუაციო გვირაბის შიდა სამუშაოები.
2026 წლის პირველ ნახევარში ეს მონაკვეთი სრულად იქნება დასრულებული, თუმცა აქ გვაქვს ერთი რთული მონაკვეთი, უნიკალური ხიდი, შენდება 426 მეტრის სიგრძის 166 მ-ის სიმაღლის თაღოვანი ხიდი, რომელიც მე მგონია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში მსგავსი რთული საინჟინრო კონსტრუქცია არ არსებობს. ამ ხიდთან დაკავშირებით გვაქვს გარკვეული ვადებთან დაკავშირებული პრობლემა, იმიტომ რომ იცით, რომ ძალიან მკაცრი ზამთარი არის,“ - აღნიშნა მინისტრმა.
სოხაძის თქმით, სამინისტროსა და კონტრაქტორს - China Railway 23rd Bureau Group Co-ს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება იმაზე, შესაძლებელია თუ არა ზამთრის პერიოდში გარკვეული სამუშაოების გაგრძელება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
„ვმუშაობთ კონტრაქტორთან იმაზე, რომ გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები, რათა სამუშაოები ზამთარშიც არ შეჩერდეს. თუ ეს შესაძლებელი გახდება, ამაზე დამატებით მოგვიანებით მოგახსენებთ,“ — განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
სოხაძის თქმით, ხიდის მონაკვეთის გარდა, გუდაურამდე გზა 2026 წლის პირველ ნახევარში გაიხსნება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს გადაადგილებას საგრძნობლად გაუმარტივებს.
ქვეშეთი-კობის მაგისტრალის პროექტი მოიცავს 23-კილომეტრიანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას. მათ შორის ყველაზე გრძელი გვირაბი — 9 კმ სიგრძის — უკვე დასრულებულია. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) — $415 მილიონით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) კი $60 მილიონით აფინანსებს.

































