საქართველოს ბაზარზე ქართული, ინოვაციური საკვები პროდუქტის პირველი ბრენდი "მარილა" გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს ქართული, ქვევრის ღვინის მარილს სთავაზობს. ბრენდის სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე "მარილას" დამფუძნებელმა თამარ აბულაძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
"მარილი სრულიად ახალი პროდუქტია, რომელიც მაღაზიათა დახლებზე ა.წ. დეკემბერში გამოჩნდა, თუმცა პროდუქტის შექმნასა და სრულყოფაზე მუშაობა წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. "მარილაში" გამოყენებულია საკვები მარილი და პრემიუმ ხარისხის ქართული ღვინო, რომელიც პროდუქტს განსაკუთრებულ ფერს და არომატს სძენს. იგი უხდება ხორცეულს (სტეიკს, მწვადს), თევზეულს, სალათებს და დესერტებსაც კი. ამჟამად წარმოდგენილია მხოლოდ ორი სახეობა, კლასიკური სახით: საფერავისა და რქაწითლის ღვინის მარილი, რომელიც არ შეიცავს არანაირ დანამატს, როგორიცაა კოლორანტი, არომატიზატორი და სხვა. "მარილა" არის ალკოჰოლისგან თავისუფალი, ჯანსაღი საკვები პროდუქტი. მისი არომატი და ფერი სრულად განპირობებულია ღვინის უნიკალური თვისებებით, რომელსაც ეს უკანასკნელი გვაძლევს. მარილა იქმნება კომპანიის მიერ შემუშავებული სპეციალური მეთოდით", - განმარტავს თამარ აბულაძე.
აღსანიშნავია, რომ "მარილა" მიმდინარე წელს საწარმოს, შოურუმისა და ოფისის ერთ სივრცეში გახსნაზე მუშაობს, რათა ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა მაქსიმალურად დააკმაყოფილოს.
"პროდუქტის შექმნის პირველადი ინვესტიცია 5000 ლარს აღწევს, რაც საჭირო იყო ნედლეულისა და დანადგარების შესაძენად, მაგრამ ახლა, ვხსნით საწარმოს, შოურუმს და ოფისს ერთ სივრცეში, რაზეც დამატებითი ბიუჯეტი გამოვყავით. პროდუქტმა ბაზარზე გამოჩენამდეც დიდი ინტერესი გამოიწვია, ამიტომ გვაქვს მზაობა, რომ მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მოთხოვნა. 2024 წლის დასაწყისიდან, როდესაც საწარმო გაფართოვდება, ვგეგმავთ დამატებითი დანადგარების შეძენასა და თანამშრომლების დამატებას, რაც პროდუქციის რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის", - დასძინა დამფუძნებელმა.
ამასთან, თამარ აბულაძე საექსპორტო ბაზარზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ პროდუქტმა დიდი ინტერესი გამიწვია იტალიასა და ლონდონში, სადაც ბრენდი მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს.
"უახლოეს მომავალში, ვგეგმავთ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას, რაც კიდევ უფრო მასშტაბურ ბაზრებზე გაგვიყვანს. ვაპირებთ, შევთავაზოთ ცნობილ რესტორნებსაც, რათა შეფებმა მარილას გამოყენება, საავტორო რეცეპტებში სცადონ. ა.წ. მაისში, გვქონდა რამდენიმე პრეზენტაცია იტალიის სხვადასხვა რეგიონში. აქაც "მარილამ" დიდი ინტერესი გამოიწვია და იტალიელებისთვისაც სრულიად ახალი და უცხო პროდუქტი იყო. გვაქვს რამდენიმე შეთავაზება იტალიური არტიზანული მაღაზიებისა და რესტორნებისგან. ასევე, მარილა გამოჩნდა ლონდონშიც, მართალია ჯერ მხოლოდ საწყისი რაოდენობით, თუმცა იგეგმება რაოდენობის გაზრდა. გვინდა გავაფართოოთ საექსპორტო ქსელი იმისათვის, რომ ქართული ღვინის მარილი მთელმა მსოფლიომ გაიცნოს. მარილა უცხოური ღვინის მარილებისგან თავისი ბუნებრივი ფერითა და არომატებით განსხვავდება, ასევე აღსანიშნავია, რომ არც ერთი ქვეყნის ღვინის მარილი არაა შექმნილი ქვევრის ღვინისგან", - აღნიშნავს ის.
ინფორმაციისთვის: "მარილას" საწარმო ქ. თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას #3-ში გაიხსნება, სადაც ოფისი და შოურუმი იქნება განთავსებული. "მარილას" პროდუქციის შეძენა მომხმარებელს „8000 მოსავალის“ თბილისის ყველა ფილიალში, მათ შორის ბათუმშიც, ასევე ღვინის მაღაზია „სასმურში“ და ონლაინ, ვებგვერდის მეშვეობით შეუძლია. პროდუქტის საწყისი ფასი 23 ლარია.