მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქვევრის ღვინის მარანი“ ახალი მარნის აშენებას და ვენახების გაშენებას გეგმავს

5fea04235bbcb
ნუცა ბაზლიძე
28.12.20 22:00
1993
„ქვევრის ღვინის მარანი“ ახალი მარნის და ასევე ვენახების გაშენების საკითხზე მუშაობს, რისთვისაც შეღავათიანი სესხის გამოყენებაა გათვალისწინებული. როგორც BM.GE-ს კომპანიის დამფუძნებელმა ივანე ნარეკლიშვილმა განუმარტა, მოიაზრება, რომ ახალი მარანი 2021 წელს წარმოების 50 000 ბოთლ ღვინომდე გაზრდის შესაძლებლობას მისცემთ, შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში კი, წლიურად 200 000 ბოთლი ქვევრის ღვინის წარმოებაც მოიაზრება. 

გარდა ამისა, კომპანიის დამფუძნებლის განმარტებით, სამომავლოდ პროდუქციის გამრავალფეროვნება, ასორტიმენტისთვის ცქრიალა და ევროპული წესით დამზადებული ღვინოების დამატება განიხილება. 

ცნობისთვის, ღვინის წარმოება ივანე ნარეკლიშვილისთვის ოჯახის ტრადიციის გაგრძელებას უკავშირდება, კომპანია კი 2015 წელს დაფუძნდა, აქტიურად ფუნქციონირება კი 2016 წლიდან დაიწყო. 

„ქვევრის ღვინის მარანი“ კახური ტრადიციული ტექნოლოგიით, ჯამში შვიდი სახეობის ქვევრის ღვინოს აწარმოებს. ღვინო სოფელ ველისციხეში იწარმოება და ამ ეტაპზე, წლიური წარმოება 30 000 ბოთლს აღწევს. ნარეკლიშვილის განმარტებით, ღვინო როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზე ხვდება.

„დაახლოებით 70% ხვდება ექსპორტზე, ამ მხრივ, პანდემიას პრობლემა არ შეუქმნია“, - განმარტავს ივანე ნარეკლიშვილი და დასძენს, რომ პროდუქცია იაპონიაში, აშშ-ში, გერმანიაში, ესპანეთში, ჰოლანდიასა და საფრანგეთში გადის. მისივე განმარტებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობას ღვინის ინგლისში ექსპორტზე გატანასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, ივანე ნარეკლიშვილი აღნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე, სადისტრიბუციო კომპანიის დახმარებით, „ქვევრის ღვინის მარანი“ მაღაზიებსა და ჰორეკა სექტორში ხვდება. მისივე განმარტებით, ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის შეძენა 17-45 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.

„ქვევრის ღვინის მარნის“ დამფუძნებლის განმარტებით, კომპანია პირადი სახსრებით დაარსდა და ინვესტიციამ დაახლოებით 50-70 ათასი ლარი შეადგინა. მისივე თქმით, „ქვევრის ღვინის მარანი“ ამ ეტაპზე, სტაბილურად 5 ადამიანს ასაქმებს, აქტიურ პერიოდში კი დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები