მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანა დღემდე 1 999 წლის სეისმური რისკის რუკით ხელმძღვანელობს - სეისმოლოგი

63e37d7acadc4
მარიამ დემეტრაშვილი
08.02.23 15:14
1286
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ბოიჩენკომ BMG-ისთან სეისმურ რისკებსა და ამ მხრივ ქვეყანაში არსებულ მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა.

როგორც ის ამბობს, კავკასია სეისმურად აქტიური უბანია და მიწისძვრის რისკი საქართველოში ყოველთვის არსებობს. მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ მსხვილ ქალაქებში სერიოზული პრობლემების გამოწვევა საშუალო სიმძლავრის მიწისძვრასაც შეუძლია, ვინაიდან საცხოვრებელი კორპუსების უმრავლესობა სეისმომედეგი არ არის.

„კავკასია არის სეისმურად აქტიური უბანი და ჩვენთანაც არის ძლიერი მიწისძვრის რისკი. რამდენიმე წლის წინ გვაქვს კიდეც ამის გამოცდილება - 1991 წელს რაჭაში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო, ასევე სულ რამდენიმე თვის წინ 6 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო ჯავახეთის ქედზე. რაც შეეხება დიდ ქალაქებს, მთელი უბედურება იმაშია, რომ არც არის დიდი სიმძლავრის მიწისძვრა საჭირო, რომ პრობლემა გამოიწვიოს - გვახსოვს 2002 წელს 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრას როგორი სერიოზული პრობლემები მოჰყვა.

აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ 6.5-7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდეს, უბრალოდ განმეორებადობა თურქეთში თუ 100 წელში ერთხელ არის, ჩვენთან ეს შუალედი გაცილებით დიდია, მაგალითად, შეიძლება იყოს რამდენიმე საუკუნე“, - თქვა გიორგი ბოიჩენკომ.

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოძველებული სეისმური რისკის რუკაა, რომლითაც ქვეყანა დღემდე ხელმძღვანელობს. ბოიჩენკო ამბობს, რომ განახლებული სეისმური რისკის რუკა მოიტანს ახალ რეგულაციებს მშენებლობისთვის და შესაბამისად, ეს აისახება ფასებზეც. სეისმოლოგი ამბობს, რომ სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა 2020 წელს უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ახალი რუკა შეადგინა, თუმცა დღემდე არ დამტკიცებულა.

„გვაქვს მოძველებული სეისმური რისკის რუკა, რომელიც 1 999 წელს არის შემუშავებული და წესით 5-10 წელიწადში ერთხელ უნდა ახლდებოდეს. დღემდე ვხელმძღვანელობთ ამ რუკით, სადაც არ არის შესული ძალიან დიდი ინფორმაცია. ეს რუკა გვაძლევს შემდეგ ინფორმაციას: ჩვენი და მეზობელი ქვეყნების სეისმური, გეოლოგიური და სხვა სახის მონაცემები ჯამდება, რის საფუძველზეც ამა თუ იმ უბანს ენიჭება გარკვეული პარამეტრი - რა სიმძლავრის მიწისძვრა შეიძლება იქ მოხდეს. მას აქვს გრუნტის აჩქარების თავისი კოეფიციენტი და ამის მიხედვით უნდა მოხდეს შენობის დაგეგმარება. გარკვეულ უბნებში სეისმური რისკის პარამეტრი გაზრდილია და ისევ ძველი სტანდარტით რომ შენდება, ეს პრობლემაა“, - თქვა ბოიჩენკომ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები