„ქვეყანა რაც უფრო მეტ რეგულაციას მიიღებს, უფრო მეტი შანსია FDI შემცირდეს. მაგალითად, აზიიდან და შესაძლოა გაიზარდოს ევროპიდან,“ - ამის შესახებ მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის თავმჯდომარემ მიხეილ ჭელიძემ FDI-ს კლებაზე საუბრისას განაცხადა.
ჭელიძის აზრით, რეგულაციების შემოღებას მხოლოდ კარგი შედეგი არ ექნება და ეს სახელმწიფოს მხრიდან გასათვალისწინებელია.
„ვიღაც რეგულაციებს გაურბის, ხოლო ვიღაც ეტანება. ჩვენ ისეთ ეტაპზე ვართ, რომ ინვესტორების გადახალისებაც მოხდება. მაგალითად, თუ ამ დრომდე ირანელი ინვესტორი ჩამოდიოდა, შესაძლოა ახლა აღარ ჩამოვიდეს, რადგან ძალიან ბევრი რეგულაცია შემოვიდა, რამაც ბიზნესგარემო გააფუჭა. მაგალითად არის საბანკო რეგულაციები, საპენსიო რეფორმა. რეგულაციები როდესაც შემოგვაქვს, ამ რეგულაციებს მხოლოდ კარგი რომ არ მოჰყვება, ამაზე საუბარიც გასათვალისწინებელია“ - განაცხდა ჭელიძემ.
ცნობისთვის: 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 53.7%-ით შემცირდა. კვარტალური ინვესტიციების ასეთი დრამატული ვარდნა ქვეყანაში ბოლოს მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში იყო. თანხობრივად კლება $216 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მეორე კვარტლის განმავლობაში ინვესტიციები $187 მილიონი იყო.

























