მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყანა თვისობრივად შეიცვალა. ბევრი პატარა და საშუალო ბიზნესი მოკვდება - გულედანი

გულედანი

ანალიტიკოსი მარინა გულედანი მიიჩნევს, რომ ქვეყანა თვისობრივად შეიცვალა, რაც იმ მცირე და საშუალო ბიზნესების გაქრობას გამოიწვევს, რომლებიც ახალ მოცემულობასთან ვერ ადაპტირდებიან.

გულედანმა "ანალიტიკასთან" ინტერვიუში ტურიზმის მიმართულებით გამოკვეთილი თვისებრივი ცვლილებები გამოყო, რის შედეგადაც შედარებით დაბალმხარჯველუნარიანი ტურისტები შემოდიან, სექტორში მომუშავე ბიზნესებს კი პრობლემები აქვთ.

"ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო სერვისი ტურიზმია და არც ისე კარგი ვითარებაა იქ. განსაკუთრებით პრეტენზიები არსებობს ხარისხთან და ტურისტების ბიუჯეტთან მიმართებით, აქაც თვისობრივი ცვლილებებია სახეზე, ახლა მეტწილად უფრო დაბალბიუჯეტიანი ტურისტები ჩამოდიან. თუ შევხედავთ, რას ვყიდით, ყველა მიმართულებით გარკვეული ცვლილებები იქნება იმიტომ, რომ თვითონ ქვეყანა შეიცვალა თვისობრივად. შესაბამისად, აუცილებლად მოხდება გადაწყობა და ეს გადაწყობა მოხდება როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის სიბრტყეში, ასევე ციფრებში. დიდი ბიზნესები, რა თქმა უნდა, გადარჩებიან და გადაეწყობიან, თუმცა ძალიან ბევრი პატარა და საშუალო ბიზნესი მოკვდება. ეს ნიშნები ისედაც გვქონდა უკვე ნოემბერ-დეკემბერში და იანვარ-თებერვალშიც",- ამბობს ანალიტიკოსი.

მისივე თქმით, არსებულ ვითარებაში ბიზნესს რეალური შანსი ჰქონდა, სოციალური პასუხისმგებლობა გამოეჩინა პოზიციის დაფიქსირებით.

"ბიზნესისგან ადაპტაციის პროცესი ძალიან ბუნებრივია და ამის გამო რომელიმე ბიზნესის დაძრახვა არაა სწორი, რადგან მისი ინტერესია, რომ გადარჩეს. მაგრამ დასაძრახია, რის ხარჯზე ხდება ეს. თუ მე ვაკვირდები ქუჩაში როგორ სცემენ ახალგაზრდებს, როგორ არ არის მათი უფლებები სასამართლოში დაცული და ამის პარალელურად, ოღონდ ბიზნესი შევინარჩუნო და კარგად ვიყო, ხმას არ ამოვიღებ, როდესაც ვიცი, რომ ჩემი, როგორც დიდი ბიზნესის ხმა, მნიშვნელოვანია, ამ პირობებში ამ ორი რაღაცის არათავსებადობა დასანანია. ეს იყო ერთადერთი შანსი, როდესაც ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობა შეეძლო აეღო და მკაფიოდ დაეფიქსირებინა პოზიცია", - ამბობს მარინა გულედანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები