"ქვეყანამ უნდა მოახერხოს იმის დემონსტრირება, რომ პოლიტიკური საფრთხე ინვესტორებისათვის არ არსებობს"
თათია ჩაფიჩაძე
25.02.19 22:13
• 1637
PMCG-ის საჯარო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი დავით ლეჟავა Fitch-ის ანგარიშს აფასებს და აცხადებს, რომ ბოლო დროინდელ მოვლენებს მთავრობამ პასუხი დროულად უნდა გასცეს. ამის შესახებ ლეჟავამ BM.GE-ს TBC ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
„ბოლო დროინდელ მოვლენებს დროულად უნდა გაეცეს პასუხები. ზოგადად Fitch-ის მიერ შეფასება ხდება მოდელის მიხედვით და შემდეგ საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, რამდენად შეესაბამება ის რეალობას. ამის გამოა, რომ წლების განმავლობაში საქართველოს მოდელის მიხედვით, უკეთესი რეიტინგი აქვს და საბჭოზე ამცირებენ ხოლმე ამ რეიტინგს. ეს ბოლო გადაწყვეტილება ცოტა დაგვიანებულიც კი არის იმიტომ, რომ ჯერ კიდევ აგვისტოში, მათ შეეძლოთ ჩვენთვის ამ რეიტინგის მონიჭება და ორი ერთეულით შეგვიმცირეს. მაშინ თვლიდნენ, რომ მაღალი რისკები არსებობდა, წლის განმავლობაში დარწმუნდნენ, რომ ამ რისკების მატერიალიზაცია არ მოხდა და შესაბამისად დაგვიწიეს.
თუკი ინვესტორები დარწმუნდებიან, რომ პრობლემები პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, ბუნებრივია არ გააკეთებენ ინვესტიციებს, შესაბამისად, ეს აისახება რეიტინგზე, თუმცა fitch-ის პარასკევის გადაწყვეტილების დროს, ეს მოვლენები მათთვის უკვე ცნობილი იყო და ამან გადამწყვეტი მნიშვნელობა არ იქონია“, - აღნიშნა ლეჟავამ.