აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის” დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე, საქართველოში მცენარეების თესლისა და ენდემური ჯიშის ცხოველების სპერმის გენეტიკური ბანკების შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ცენტრალიზებული სისტემის გარეშე, მცენარეების დაკარგვის რისკი არსებობს.
“საქართველოში არ არის თესლის გენეტიკური ეროვნული ბანკი. ეს აუცილებელია ქვეყნისათვის გენეტიკური რესურსების შენარჩუნებისთვის. ქვეყანაში არ არის თესლის ეროვნული გენეტიკული ბანკი, რაც ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა და აუცილებლობაა, რომ გენეტიკური რესურსები შევინარჩუნოთ. საერთაშორისო ორგანიზაციების რჩევაა, რომ ქვეყანამ შექმნას ერთი ცენტრალიზებული ეროვნული გენეტიკური ბანკი, სადაც ყველა მოძიებული კულტურის თესლი იქნება, როგორც მარცვლეული, ისე ბოსტნეული, ტექნიკური თუ სატყეო კულტურების, რათა არ მოხდეს მათი დაკარგვა”, - ამბობს ლევან უჯმაჯურიძე.
მისი თქმით, ანალოგიური რისკის ქვეშ დგანან ცხოველებიც. მაგალითად, საფრთხე ემუქრება ცხვრის ორ ცნობილ პოპულაციას.
“ძალიან საინტერესო მიმართულებაა ცხვრის ჯიშები, განსაკუთრებით იმერული, ქართული სელექციური ჯიშები. ამიტომ აუცილებელია სპერმის გენეტიკური ბანკის შექმნა ქვეყანაში. ჩვენ დმანისში სელექციური სადგური გვაქვს, რომლის აშენებისასაც ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო, რომ გენეტიკური რესურსების ხანგრძლივად შენახვა ყოფილიყო შესაძლებელი.
ამჟამად საფრთხე ემუქრება ცხვრის ორ ცნობილ პოპულაციას: ნაზმატყლიანსა და ნაზმატყლიან ცხიმკუდიანს. იმიტომ, რომ უკვე ნათესაური შეჯვარება ხდება და თუ სპერმის გენეტიკური ბანკი არ შეიქმნება, მასაც და სხვა პოპულაციებსაც საფრთხე შეექმნებათ”, - ამბობს “სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის” დირექტორი.