მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყანას შესაფერისი მზაობა აქვს - ტიკარაძე Covid-19-ის ახალ შტამზე

61b9a5da8ebae
მარიამ ვარადაშვილი
15.12.21 12:41
365
ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ პანდემიის შესაძლო ახალ ტალღას მომზადებული ხვდებიან; მეტიც, ის ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემის სხვადასხვა რგოლი გამართულად მუშაობს.

“ვერ ვხედავ რისკებს, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კოვიდპანდემიის მართვის მიმართულებით სისტემაა აწყობილია და ის ფუნქციონირებს. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ტესტირების უმაღლესი სტანდარტი გვაქვს, რითაც დროულად ვტესტავთ პაციენტებს. ტესტირების შემდეგ ჩართულები არიან ოჯახის ექიმები, რომლებიც მუდმივ კონტაქტზე არიან პაციენტებთან. ისინი ამოწმებენ პაციენტებს თუ რომელი უნდა გადავიდეს კოვიდსასტუმროში თუ კოვიდკლინიკაში. სასწრაფო დახმარების ბრიგადები შეუფერხებლად ფუნქციონირებენ. ყოველდღიურად მაქვს ინფორმაცია და მათ არცერთი დაყოვნება არ აქვთ. ასევე კლინიკებში საწოლბრუნვა შესაფერისია იმ რიცხვებთან, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ეს პროცესი ასე შეუფერხებლად გაგრძელდეს და ამ შემთხვევაში, შევძლებთ და გავუმკლავდებით ნებისმიერი სირთულის “ტალღას”, - აცხადებს ტიკარაძე.

მან ასევე ისაუბრა კორონავირუსის ახალ შტამზე, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე გავრცელდა, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. ამ დრომდე "ომიკრონის" შტამით ინფიცირების შესახებ საქართველოს ოფიციალურად არ განუცხადებია.

“როგორც ვაკვირდებით ყველა სხვა ქვეყანაში საკმაოდ სწრაფად განვითარებადი ახალი შტამია. ის სხვაგვარი საქართველოში ვერ იქნება, ამიტომ საჭიროა შესაფერისი მზაობა, რაც ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ქვეყანას გააჩნია”, - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები