მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქვეყანაში 49 000 ნარკოტიკის ინიექციური მომხმარებელი გვყავს, მათი რაოდენობა 2019 წელთან შედარებით შემცირებულია" - დავით ოთიაშვილი

ოთიაშვილი

საქართველოში ნარკოტიკის ინიექციური მომხმარებლების რიცხვი 2019 წელთან შედარებით შემცირებულია - ამის შესახებ BMGTV-ის ტელეგადაცემა "ჯანდაცვის სტანდარტში" კვლევითი ცენტრი „ალტერნატივა ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა დავით ოთიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში 49 000 ინიექციური მომხმარებელია, რაც ზრდასრულ მოსახლეობის 2%-ია და მიუხედავად იმისა, რომ ეს მსოფლიოს მასშტაბით მაღალი მაჩვენებელია ბოლო წლებში ინიექციური მომხმარებლების ტენდენცია კლებისკენაა.

"მსოფლიო რუკაზე, ბოლო 20 წლის განმავლობაში, საქართველო ნარკოტიკების მოხმარებით გამოირჩევა. ქვეყანაში გვყავს ძალიან ბევრი ნარკოტიკის ინიექციური მომხმარებელი და თუ არსებულ მონაცემებს დავეყრდნობით, შესაძლოა, მსოფლიოში ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალიც კი იყოს. დღეისთვის საუბარია 49 000 ინიექციურ მომხმარებელზე, რაც ზრდასრულ მოსახლეობის 2%-ზე ოდნავ მეტია. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. თუმცა 2019 წლიდან კლების დინამიკა დაიწყო და ამ მხრივ დადებითი ტენდენცია ფიქსირდება. 2019 წელს 52 000 მომხმარებელი გვყავდა და შემდეგ 2022-ში 49 000-მდე შემცირდა. ამას თავის ლოგიკური ახსნაც აქვს. ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი ჩანაცვლებითი მკურნალობაა, მეთადონის და ბუპრენორფინის პროგრამების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და შესაბამისად ეს ადამიანები, ვინც მოიხმარდნენ ჰეროინს, ოპიუმს და სხვა ნივთიერებებს, ამ პროგრამაში ჩაერთნენ. შესაბამისად, იმ კოჰორტას, ანუ აქტიურ მომხმარებელს გამოეყვნენ. ეს კარგი ამბავია ანუ ახალგაზრდები სულ უფრო ნაკლებად შეედინებიან კოჰორტაში. შეჯამებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინიექციური მოხმარების სერიოზული პრობლემა არსებობს, თუმცა დადებითი ინდიკატორებიც გვაქვს", - აღნიშნავს დავით ოთიაშვილი.

წამალდამოკიდებულება (ნარკომანია) გლობალური ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აზიანებს. გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისის (UNODC) 2023 წლის მსოფლიო ნარკოტიკების ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს დაახლოებით 296 მილიონმა ადამიანმა (მსოფლიო მოსახლეობის 5.8%, 15-64 წლის ასაკში) ნარკოტიკები სიცოცხლეში ერთხელ მაინც გამოიყენა. აქედან, დაახლოებით 60 მილიონი ადამიანი ოპიოიდებს არასამედიცინო მიზნით იყენებდა. 2019 წელს, ნარკოტიკების მოხმარებამ გამოიწვია დაახლოებით 600 000 სიკვდილი, მათი 80% ოპიოიდებთან იყო დაკავშირებული, აქედან 25% დოზის გადაჭარბებით იყო გამოწვეული.

2024 წლის აპრილის მონაცემებით, ბოლო კვლევებით, საქართველოში ნარკოტიკის 49,000 ინიექციური მომხმარებელია. ეს რიცხვი, ქვეყნის მოსახლეობასთან პროპორციული შედარებით, საკმაოდ მაღალია და საქართველო ამ მაჩვენებლით მნიშვნელოვნად უსწრებს როგორც სამეზობლოს, ისე ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს. რაც შეეხება მოზარდებს, საქართველოში 2024 წელს მესამედ ჩატარებული ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელი ევროპის სასკოლო კვლევის მიხედვით (ESPAD) ყველა ნარკოტიკის, მათ შორის მარიხუანას მოხმარება შემცირებულია; გაზრდილია მხოლოდ ტრანკვილიზატორებისა და სედატივების მოხმარება რეცეპტის გარეშე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები