"ქვეყანაში არავინაა ისეთი, რომ ინვესტორთან კომუნიკაცია გადააბარო"- ოლეგ ოსინოვსკი
ელენე ჩომახიძე
05.10.18 13:21
• 1104
ოლეგ ოსინოვსკი bm.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში უცხოელ ინვესტორებთან კომუნიკაციისგან მაღალი რანგის თანამდებობის პირები მთავრობიდან თავს იკავებენ ან ვერ იცლიან. ესტონელი ბიზნესმენის განმარტებით მის სახელზე არაერთი უცხოელი ინვესტორის შემოყვანაა საქართველოში და ეს იციან როგორც წინა, ისე ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. „ უკვე წლებია მე საქართველოს პოტენციალისა და შესაძლებლობების პოპულარიზაციას ვეწევი მის ფარგლებს გარეთ. ჩემ მიერ შემოყვანილი ინვესტორების უმეტესობას აქ ათობით მილიონის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ქვეყანაში არავინ არის ისეთი, რომ ინვესტორთან კომუნიკაცია გადააბარო. დღეისათვის არ არსებობს არანაირი ინსტრუმენტი, რომლითაც შემოსული პოტენციური ინვესტორი შეგიძლია დატოვო ქვეყანაში. მახსოვს ადრე ხელისუფლების ძალიან მაღალი რანგის თანამდებობის პირებისგან რამხელა დაინტერესება მოდიოდა უცხოელი ინვესტორებზე. იცით რაშია საქმე? არცერთი მსხვილი ინვესტორი არ შეხვდება რომელიმე რიგით თანამშრომელს კონკრეტულ სამინისტროში. ასეთი ადამიანები მინიმუმ მინისტრის რანგის ადამიანებს ითხოვენ საკომუნიკაციოდ, ხოლო თუ ასეთი მინისტრი ვერ მოიძებნება და პრემიერ-მინისტრიც მიუწვდომელია, ინვესტორი მარტივად ადგება და წავა ქვეყნიდან“ - აცხადებს ოსინოვსკი. ოლეგ ოსინოვსკის განმარტებით საქართველოში პრობლემაა ე.წ. „ბექ-ოფისის“ არარსებობა. ბიზნესმენის თქმით ასეთი ბექ-ოფისი არსებობდა ღარიბაშვილის დროსაც, ისევე როგორც კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, მამუკა ბახტაძის შემთხვევაში კი სამწუხაროდ ასეთი ცნება აღარ არსებობს, რაც აფერხებს ინვესტიციების შემოსვლას ქვეყანაში. „მინდა გითხრათ, რომ ასეთ ფაქტებს ფაქტობრივად ყოველდღიურად აქვს ადგილი. მე თავად ვურეკავ პრემიერ მინისტრს , მაგრამ პასუხი რატომღაც არასდროს არ მაქვს. სწორედ ეს საკითხი წამოვჭერი გუშინ ბიზნესასოციაციასთან შეხვედრისას, რომ აუცილებელია „Invest in Goergia”- ს აღდგენა ,ანუ იმ მექანიზმის აღდგენა, რომელიც დაამყარებს საჭირო კომუნიკაციას ინვესტორებთან. თუ ჩვენ გვინდა მშპ-ს 10 პროცენტიანი ზრდა სამის ნაცვლად, ადგილობრივი ფული ამისთვის საკმარისი არ იქნება. ქვეყანას სჭირდება უცხოური ინვესტიციები და სწორედ მათი მოზიდვა უნდა იყოს ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი, რაც დღეს ასე არ არის სამწუხაროდ. ასე თუ გაგრძელდება ნორმალურ ეკონომიკურ ზრდაზე ოცნებაც ზედმეტია“. შეგახსენებთ, რომ ესტონელმა ბიზნესმენმა გასულ კვირას საქართველოში კორუფციის ნიშნების არსებობაზე ისაუბრა და საქართველოს ხელისუფლებას უცხოური ინვესტორებისადმი უფრო მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა.