მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ტურისტებს შემოსვლის ეშინოდათ - "სამი მთა ვინოტელ რეზიდენსი”

სამი მთა

მესტიაში, ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციის ადგილას გახსნილი სასტუმრო “სამი მთა ვინოტელ რეზიდენსის” მმართველი კომპანიის, “აიღვინისსახლის” დამფუძნებლის, ბენო ქაშაკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების, ამასთან კურორტებზე დაბალი გათოვლიანების ფონზე, სასტუმროში გამოწვევები გაიზარდა.

ქაშაკაშვილის თქმით, ბოლო თვეებში, ქვეყანაში შექმნილი კრიზისის გამო, “სამი მთა ვინოტელ რეზიდენსში” ბევრი ჯავშანი გაუქმდა. თუმცა ის ასევე დასძენს, რომ საახალწლო პერიოდში სასტუმრო მაინც ნორმალურად დაიტვირთა.

„ტრადიციულად, იანვრის მეორე ნახევარი და თებერვლის პირველი ნახევარი, ყოველთვის ჩავარდნაა ხოლმე, რაც ბოლო თხუთმეტი წელია ასეა. იმიტომ, რომ ზამთარია და ტურისტები ზამთარში ნაკლებად არიან. საახალწლოდ აქტივობა იყო ნორმალური. შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, არც მოველოდით ამას. კრიზისი რომ დაიწყო, იმედი დავკარგეთ, რადგან რაღაც ჯავშნებიც გაგვიუქმდა.

ადგილობრივი დამკვეთები იმიტომ, რომ გზები იკეტებოდა, ვერ მოდიოდნენ და ჯავშნებს აუქმებდნენ. რაც შეეხება ტურისტებს, ქვეყანაში განვითარებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მათ ეშინოდათ, რომ პრობლემები არ შეჰქმნოდათ. შესაბამისად, ეს ყველაფერი ჩვენზეც აისახება“, - ამბობს ქაშაკაშვილი BMG-სთან.

მისივე განმარტებით, ისევე როგორც სხვა ბრენდულ სასტუმროებს, მათაც უწევთ სეზონურად ფასების დაკორექტირება. მით უმეტეს, თუ ნაკლები დატვირთვაა. ბენო ქაშაკაშვილის ინფორმაციით, “სამი მთა ვინოტელ რეზიდენსში” განთავსების ღირებულება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე, განთავსების ღირებულება დაახლოებით $120-დან $300-მდეა, ხოლო მანამდე ღირებულება $150-დან $400-მდე მერყეობდა.

„გასულ წლებში, "ვინოტელი" პოპულარული გახდა რუსი სტუმრების მიღებით. რა ვქნათ, ჩვენ ნებისმიერ სტუმარს სიამოვნებით ვიღებთ. თუმცა, როდესაც რეისები არ იყო, ევროპელი ტურისტები დომინირებდნენ. როგორც კი რეისები აღდგა, რუსი ტურისტების რაოდენობამ ევროპელების რაოდენობას გადააჭარბა. ევროპელების რაოდენობამ მოიკლო, რადგან, მიმდინარე მოვლენების ფონზე შეეშინდათ ქვეყანაში შემოსვლის. როგორც ვიცი, წავიდნენ სომხეთში“, - აღნიშნა სასტუმროს მმართველი კომპანიის დამფუძნებელმა. ის ასევე დასძენს, რომ ასეთი რთული პერიოდი კიდევ აგვისტოს მეორე ნახევარში ფიქსირდება ხოლმე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები