მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, 20%-იანი კლება გვაქვს - "ბიბლუსი ჯგუფი"

ბიბლუსი

ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით 20%-იან კლებასთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ BM.GE-სთან "ბიბლუსი ჯგუფის" საოპერაციო დირექტორმა, სოფო გორდაძემ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ცოტა ხნის წინ ყოველწლიური საახალწლო ფესტივალიც გააუქმა, რაც კომპანიის საოპერაციო დირექტორის თქმით ზარალია, ვინაიდან დიდი გაყიდვები დაკარგეს.

„ქვეყანაში აღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე, სადღაც 20%-იან კლებასთან გვაქვს საქმე. ამასთან, "ბიბლუსი ჯგუფი" ყოველწლიური საახალწლო ფესტივალის წლევანდელ ღონისძიებებს აღარ ჩაატარებს. შარშანაც ჩავატარეთ აღნიშნული ღონისძიება და 60000 ადამიანს ვუმასპინძლეთ. შესაბამისად, კომპანიისთვის ძალიან დიდი ზარალია, ამასთან ძალიან დიდი გაყიდვები დავკარგეთ.

წინა წელთან, წელს ნებისმიერ შემთხვევაში მაინც ჩამორჩენით დავხურავთ, სამწუხაროდ, ასე უცბად სურათი არ შეიცვლება. თუმცა, დარჩენილ პერიოდში წინა პერიოდებთან შედარებით გაყიდვების ზრდას ველოდებით“,- ამბობს გორდაძე.

რაც შეეხება 2025 წელს, "ბიბლუსი ჯგუფის" საოპერაციო დირექტორი სამომავლო გეგმების გაჟღერებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ მათი განვითარება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისზეც. კომპანია ახალი ფილიალების გახსნას გეგმავს, თუმცა ფილიალების რაოდენობა მაინც მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები