„ქვეყანაში მიმდინარეობს ავტორიტარიზმის ძალიან მკაფიო ზრდა. ეს ხდება კანონმდებლობაშიც და პრაქტიკაშიც“, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში IDFI-ის თანადამფუძნებელმა, გიორგი კლდიაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა საფინანსო სექტორზე უკვე ასახულია და მოლოდინია, რომ ეს მდგომარეობა კიდევ გაუარესდება.
„რეჟიმს მიტაცებული აქვს ხელისუფლება. ის თავისთავად იყენებს ბიუჯეტს, ჩვენ მიერ გადახდილ გადასახადებს. ეს იქნება დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული წყლის თუ გაზის საშუალებები და სხვა. ასევე, ხელფასები, თუ პრემიები, რომელიც ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს ეძლევათ. ეს ყველაფერი არის ბიუჯეტიდან გადახდილი გადასახადებისგან დახარჯული. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი ამას თავისი ფულით არ ყიდულობს. რაში სჭირდება ეს, როდესაც მთელი სახელმწიფო ბიუჯეტი აქვს მიტაცებული. იმას, რომ ბიუჯეტში თანხები მცირდება და იმას, თუ როგორია ეკონომიკური მდგომარეობა, ბოლო მოვლენებიდან და სანქციებიდან გამომდინარე, საბანკო სექტორში შედეგი უკვე აქვს. ჩვენს ფინანსურ სექტორზე ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახა და კიდევ უარესად აისახება", - განაცხადა კლდიაშვილმა.
მისივე განმარტებით, ხელისუფლების პირველი პირები ამტკიცებენ, რომ 2028 წლისთვის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების 90% შესრულებული ექნებათ, თუმცა ფაქტია, რომ ისინი უკუსვლით მიდიან, რასაც ბოლო პერიოდში მათ მიერ გაჟღერებული საკანონმდებლო ცვლილებები ცხადყოფს.
"მაგალითად, საჯარო სამსახურის რეფორმა, რომელიც ასოცირების შეთანხმების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ასევე, საჯარო სამსახურში დასაქმებულებს, შეეზღუდათ ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილების პრივილეგია, რომელიც ევროკავშირმა მოგვანიჭა. არანაირ რეფორმებზე არ არის საუბარი, პირიქით იმ რეფორმების საპირისპირო ხდება, რომელიც დემოკრატიის გამტკიცებისთვის იყო... ყველაფერი უკან წაიყვანეს“,- ამბობს IDFI-ის თანადამფუძნებელი.
ამასთან კლდიაშვილის თქმით, ის, რომ დასანქცირებული ადამიანების და მათი ოჯახების დასახმარებლად ფული ბიუჯეტიდან გაიხარჯება, არის მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლების ქვემოდან რღვევა არ მოხდეს.
„სხვა რა გამოსავალი აქვს "ქართულ ოცნებას", გარდა იმისა, რომ წაახალისოს ის ადამიანები, რომლებიც დასანქცირებული არიან, მოხვედრილი არიან ფინანსურ თუ სხვა სანქციებში, ეს იქნება აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის თუ ევროკავშირის მხრიდან. ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ სისტემის ქვემოდან რღვევა არ მოხდეს“, - აცხადებს კლდიაშვილი.