მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში „კამექს ეარლაინსი“ შემოდის - "საქართველოს ეკონომიკას ₾100 მლნ-ის მოცულობის აქტივი შეემატა"

62e7d01ac7e1b
BM.GE
01.08.22 17:18
12052
ამერიკულ საფინანსო კორპორაცია Gazelle Finance-თან თანამშრომლობის შედეგად საქართველოს ავიაბაზარს ახალი ავიაგადამზიდავი კომპანია „კამექს ეარლაინსი“ შეემატა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანია „კამექს ეარლაინსის“ სერტიფიცირების პროცესის დასრულდა, რასთან დაკავშირებითაც დღეს ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, „კამექს ეარლაინსის“ საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი გიორგი სეთურიძე, Gazelle Finance-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფრი ლიბერტი და სხვა პირები ესწრებოდნენ.

უწყების ცნობითვე, „კამექს ეარლაინსის“ კუთვნილი Boeing 737-800 BCF თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ივლისის დასაწყისში მიიღო და მან პირველადი ტექნიკური დათვალიერებაც წარმატებით გაიარა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „კამექს ეარლაინსი“ ბაზარზე უახლოეს მომავალში 4 ბორტით იქნება წარმოდგენილი და დროის მოკლე მონაკვეთში სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მულტიმოდალური სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარების საქმეში საკუთარი წვლილის შეტანას მოახერხებს.

აღსანიშნავია, რომ „კამექს ეარლაინსი“ პირველი კომერციული ფრენის შესრულებას აგვისტოს მეორე ნახევარში გეგმავს. კომპანიის ინფორმაციით, საინვესტიციო პროექტის შედეგად, ამ ეტაპზე, საქართველოს ეკონომიკას უკვე შეემატა 100 მლნ ლარის მოცულობის აქტივი, ხოლო ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა 150-ს მიაღწევს.

ეკონომიკის მინისტრმა ახალი კომპანიის ბაზარზე შემოსვლის ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ ავიაკომპანიის სერტიფიცირების პროცესი პანდემიის პერიოდში დაიწყო.

„ვფიქრობ, ის ეკონომიკური გარემო და ბიზნესის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, ალბათ იძლეოდა სტიმულს, რომ ინვესტორებს თამამი ნაბიჯები გადაედგათ და ამას მხარი დაუჭირეს ამერიკელმა პარტნიორებმაც. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ახალი, თანამედროვე საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია ავიაგადაზიდვების სფეროში, რომელიც ვფიქრობ, თავის სიტყვას ნამდვილად იტყვის და ხელს შეუწყობს ქვეყნის ლოგისტიკური პოტენციალის უკეთესად გამოყენებას და საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალის მეტად ათვისებას“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, თბილისი, როგორც ერთ-ერთი ლოგისტიკური ცენტრი, ნამდვილად ყალიბდება - "უკვე ექვსი ასეთი ავიაკომპანიაა დაფუძნებული, რომლებიც სწრაფად იზრდებიან და ყველა მათგანი არის ძალიან წარმატებული სატვირთო, სატრანსპორტო, საავიაციო გადაზიდვების სფეროში".

ვიცე-პრემიერის თქმით, ამას ემატება ქუთაისის მიმართულებით მზარდი ინტერესი სატვირთო გადაზიდვებში ჩართული ავიაკომპანიების მხრიდან და ორი ცენტრი ნამდვილად ხელს შეუწყობს რეგიონის, როგორც სატრანზიტო ჰაბის ფუნქციის გაძლიერებას, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე გვაქვს პირდაპირი კავშირები ისეთ მნიშვნელოვან ცენტრებთან, როგორიცაა ფრანკფურტი, სტამბოლი, ბაქო, ჩინეთის ქალაქები, რაც ხელს უწყობს მომავალში ტვირთნაკადების კიდევ უფრო გაზრდას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები