„როდესაც ქვეყანაში რთული პერიოდია, მომხმარებლები საბაზისო მოთხოვნილებებზე ორიენტირდებიან და დასვენება და გართობა უკანა პლანზე გადადის. ეს ჩვენზე, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს“, - ამის შესახებ კურორტ „განთიადის“ დირექტორმა დიანა ჩომახაშვილმა bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებული კრიზისის დროს, ადამიანები იწყებენ დაზოგვას და ეს სტუმარმასპინძლობის სექტორზეც აისახება. თუმცა დიანა ჩომახაშვილი ამბობს, რომ მათი ლოიალური მომხმარებლების სიმრავლიდან გამომდინარე, კურორტ “განთიადზე” ქვეყნის კრიზისი მძიმედ არ ასახულა. მისივე განცხადებით, დატვირთულობა წლევანდელ ზამთრის სეზონზე საშუალოზე მაღალი იყო.
„ჩვენ ამ ოთხი წლის მანძილზე გაგვიჩნდა ლოიალური მომხმარებელი. ჩვენი დამსვენებლები აქ პერიოდულად ბრუნდებიან ხოლმე. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც მათ სჭირდებოდათ და მოლოდინები არ გავუცრუეთ. ჩვენც ამ წლების მანძილზე ბევრი რამ ვისწავლეთ“, - აღნიშნა დიანა ჩომახაშვილმა.
მისივე თქმით, მოთხოვნის კლება მეტწილად ბავშვთა ბანაკებზე იგრძნობოდა, რომელთაც კურორტი „განთიადი“ ხშირად მასპინძლობს.
„ამ ბანაკებზე მოთხოვნა შემცირდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო. 20 დეკემბრიდან საბანაკე სეგმენტი სრულად შევსებული გვაქვს ხოლმე, თუმცა წელს მოთხოვნა არ იყო და იანვრის სეგმენტსაც გაუჭირდა. ამის შემდეგ უცხოელების ის მინიმალური წილიც შეგვიმცირდა, რაც გვაქვს. პარალელურად, სესხები გაგვიძვირდა და ესეც იყო ზეწოლა“, - აღნიშნა „განთიადის“ დირექტორმა.
მისივე თქმით, მათ აქვთ ცალკეული გეგმები, რასაც ინვესტორების მხარდაჭერა სჭირდება, თუმცა, ახლა ამისთვის ხელსაყრელი პერიოდი არ არის.
„ახლა, რა თქმა უნდა, არ არის ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და ინვესტორებიც შეიკავებენ თავს. რაღაც პროექტების მონახაზებიც გვაქვს, თუმცა ვფიქრობთ, ცოტა ხანი გავჩერდებით და დაველოდებით საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. ვიმედოვნებთ, რომ დადებითი ძვრები იქნება“, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, მთის კურორტი "განთიადი" ცემში, ძველ ბავშვთა სანატორიუმ "განთიადის" ბაზაზე გახსნილი 70-ნომრიანი სასტუმროა. დღეს მოქმედი საოჯახო სასტუმროს ადგილას 1973 წლიდან 2022 წლამდე სანატორიუმი “განთიადი” ფუნქციონირებდა. მის სასტუმროდ გადაკეთებაში კი ოჯახმა 5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. სასტუმროს ძირითადი მომხმარებელი ბავშვიანი ოჯახები არიან. სტუმრების 95% ადგილობრივ დამსვენებლებზე მოდის, დანარჩენი 5% კი - უცხოელებზე.