„ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორის ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის შეფასებით, ქვეყანაში ლუდის პრემიუმ ბრენდების შემოყვანა დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მან გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
ლუდის ინდუსტრიის ერთ-ერთი მსხვილი ადგილობრივი მწარმოებლის კორპორაციულ საქმეთა დირექტორი აღნიშნავს, რომ ბრენდების შემოყვანით სექტორში თანამედროვე სტანდარტები მკვიდრდება, რომელსაც საერთაშორისო კომპანიები ითხოვენ. მაგალითად კი მათ წარმოებაში ლუდის გერმანული ბრენდის შემოყვანა მოჰყავს.
"Löwenbräu - ს ლიცენზიის მოსაპოვებლად დაახლოებით ერთი წელი ვმუშაობდით“ - აცხადებს ხუნძაკიშვილი და დასძენს, რომ არც წარმოების პროცესია მარტივი, რადგან ყველაფერი საკმაოდ მკაცრად კონტროლდება, წარმოების საშუალებებიდან დაწყებული, საწარმოო პროცედურებით დასრულებული.
„ყოველ თვე ჩვენ გვყავს აუდიტი, არამარტო იმ მიმართულებით, რომ ხარისხი იყოს შესაბამისი, ძალიან ბევრი პარამეტრია, Löwenbräu - ს შემთხვევაში მაგალითად 10 პარამეტრია და რომელიმე პარამეტრი დაბალი, რომ იყოს ის გაყიდვაში აღარ გაეშვება“, - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.
ინფორმაციისთვის, „ეფეს საქართველო“ ლუდის და ლიმონათის მწარმოებელი კომპანიაა. „ეფეს საქართველო“ მსოფლიოში ლუდის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებლის Efes Breweries International (EBI)-ის წარმომადგენელია საქართველოში და ასევე, არის გლობალურ ბაზარზე ლუდის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის, Anheuser-Busch InBev-ის სტრატეგიული პარტნიორი.