მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია... ჩემთვის გაუგებარია ქართული ბიზნესის ნაწილის თავის დამშვიდების მდგომარეობა - ზვიად კორძაძე

ზვიად კორძაძე

იურისტ ზვიად კორძაძის შეფასებით, საქართველოში სახეზე გვაქვს პოლიტიკური კრიზისი, რომლის გადაჭრის ერთადერთი გზა მოცემულ ვითარებაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია.

როგორც „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ მმართველმა პარტნიორმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, გაუგებარია იმ მოქალაქეების, მათ შორის ბიზნესმენების პოზიცია, რომლებიც ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებას ვერ ხედავენ.

„ჩემთვის ცოტა გაუგებარია ქართული ბიზნესის იმ ნაწილის თავის დამშვიდების მდგომარეობა, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ბიზნესს ყველაზე კარგად უნდა ესმოდეს, რომ არის რაღაც წერტილი, რომლიდანაც უკან დაბრუნება ბიზნესისთვის და ქვეყნისთვისაც გაცილებით მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე იმ წერტილიდან ახლა გამოსვლა. პირველი, რაც ყველამ უნდა აღიაროს, მათ შორის ბიზნესიდან, არის საკითხი - არის თუ არა ახლა კრიზისი. თუ ვინმე ამბობს, რომ არ არის, მასთან საუბრის გაგრძელებას აზრი არ აქვს.

თუ ვინმე ამბობს, რომ ეს კრიზისი სახეზეა, მომდევნო კითხვა არის შემდეგი - რა არის ამ კრიზისიდან გამოსვლის გზა? ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, ათობით ათასი ადამიანი ქუჩაში დგას. ამ კრიზისის გადაწყვეტის გზა ყველა ქვეყანაში, ყველა საპარლამენტო დემოკრატიაში არის რიგგარეშე არჩევნები. სხვა გამოსავალს რას გვთავაზობენ? უფრო სირაქლემას პოზაში ყოფნას ჰგავს ეს ყველაფერი. ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც ბიზნესში ამდენი წელია წარმოდგენილი“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები