„ქვეყანაში რძის ტოტალური დეფიციტია”, - ამის შესახებ რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კონიაშვილმა bm.ge-ისთან განაცხადა.
მისი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე არ არის საკმარისი რაოდენობის მეწველი ძროხა, რის გამოც ადგილობრივ ფერმებს მთელი წლის განმავლობაში უწყვეტი წარმოების შენარჩუნება უძნელდებათ.
კონიაშვილი მნიშვნელოვან როლს სახელმწიფოს აკისრებს, რათა ამ კუთხით ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობა გაიზარდოს, რაც მისი აზრით, ადგილობრივ წარმოებას წაახალისებს.
„უკვე წლებია, საკმაოდ რთული ვითარებაა რძის ბაზარზე. პირველი, რაც უნდა აღინიშნოს არის რძის ტოტალური დეფიციტი - საღი, ჯანსაღი, ცოცხალი რძის დეფიციტი. ჩვენ დღეს არ გვყავს საკმარისი ოდენობის მეწველი საქონელი, არ გვაქვს საკმარისი საკვები ბაზა, არ გვაქვს ფერმების სწორი მენეჯმენტი, რაც უზრუნველყოფს მთელი წლის მანძილზე საკმარისი ოდენობის რძის წარმოებას. იმ პირობებში, რომ საქართველოში რძის ფასი ევროპასთან შედარებით საკმაოდ მაღალია, სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ამ დარგში“, - ამბობს რძისა და რძის პროქდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი კახა კონიაშვილი.

























