მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქვეყანაში წისქვილკომბინატების ნაწილი ამოქმედდა... მდგომარეობა კვლავ მყიფეა“ - სილაგავა

6311b52de14f7
ვიქტორია მღებრიშვილი
02.09.22 11:51
681
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყანაში გაჩერებული წისქვილკომბინატების ნაწილი ამოქმედდა, თუმცა მსოფლიოში არსებული რთული ვითარების ფონზე მდგომარეობა კვლავ რთულია.

მედიაჰოლდინგ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ასოციაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ახალი მოსავლის აღებიდან გამომდინარე, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასები შემცირდა, რაც საქართველოში ფქვილის გასაყიდ ფასზეც აისახა.

„მსოფლიოში ხორბლის ფასმა დაიკლო, რაც ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ფქვილის ფასზეც აისახა და დღეს პირველი ხარისხის ერთი ტომარა, 50 კგ-იანი ფქვილის ფასი 76 ლარია, აგვისტოს დასაწყისში კი 85 ლარი ღირდა“, - აღნიშნა სილაგავამ.

ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, ხორბლის ფასების კლების შედეგად მცირე და საშუალო წისქვილკომბინატებს ხორბლის იმპორტის და ამუშავების შესაძლებლობა მიეცათ.

„საქართველოში წისქვილკომბინატები გაჩერებული იყო, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადი ძალიან მაღალი იყო და 1 ტონაზე 100 დოლარს აღემატებოდა, ფქვილზე კი ნულოვანი ბაჟი მოქმედებდა; რადგან მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასმა დაიკლო, საბაჟო გადასახადიც შემცირდა და დღეისთვის 68 დოლარს შეადგენს.

მცირე და საშუალო წისქვილებმა გარკვეულწილად ამით ისარგებლეს და მცირე მოცულობებით ხორბალი ქვეყანაში შემოვიდა. შესაბამისად, წისქვილების ნაწილი ამოქმედდა. თუ ფასის კლების და შესაბამისად, საბაჟო გადასახადის კლების ტენდენცია გაგრძელდა და მინიმუმ 30 დოლარზე ჩამოვიდა დიდი წისქვილებიც იმპორტირებულ ფქვილთან აქტიურ კომუნიკაციაში შევლენ და ბაზარზე მდგომარეობა დასტაბილურდება.

თუ დიდი წისქვილკომბინატები ამუშავდება, აღდგება ის ჯაჭვი, რომელიც სასურსათო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რამეთუ შესაძლებელი იქნება ქვეყანაში ხორბლის შემოტანა, მარაგების შექმნა და გადამუშავება. სიტუაცია მყიფეა და მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, მარაგების საკითხი კვლავ მნიშვნელოვანია“, - განმარტა ლევან სილაგავამ.

შეგახსენებთ, რომ ხორბლისა და ფქვილის, ასევე პურის მწარმოებლები ხორბლის იმპორტის შემცირებისა და ფქვილის იმპორტის ზრდის მიზეზად, რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებულ ბაჟს, ფქვილზე კი ნულოვან გადასახადს ასახელებენ, რაც ხორბლის იმპორტს არარენტაბელურს ხდის. შედეგად ქვეყანაში ივნისიდან მსხვილმა წისქვილკომბინატებმა როგორც ხორბლის გადამუშავება, ასევე იმპორტი შეაჩერეს და მათი ნაწილი ფქვილის შემოტანაზე გადაეწყო.

ფქვილის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა - რამდენით შემცირდა ხორბლის იმპორტი 7 თვეში?




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები