“ქვეყანაში ხორბლის საკმარისი მარაგებია და ალტერნატიული წყაროებიც მონახვადია”-ასე პასუხობს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე ემბარგოს რისკთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. ქვეყანაში საკმარისი მარაგებია ხორბლის და ალტერნატიული წყაროებიც მონახვადია, თუმცა აქაც სავაჭრო ურთიერთობებში ჩართულია ასობით და ათასობით ადამიანი, რომელიც დაკარგავს შემოსავალს და მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება. მესმის მეხორბლეთა მომართვა, რომ ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს პრაგმატული.
ჩვენ გარკვეული პასუხისმგებლობა გვაკისრია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საღად და სწორად წარვმართოთ კომუნიკაცია ადა მართვის პროცესი ასეთ რთულ ვითარებაში, რომელიც გამოწვეულია ძალიან ბევრი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის მიერ“-აცხადებს ლევან დავითაშვილი.
იმაზე, რომ რუსეთის მხრიდან ხორბლის იმპორტზე ემბარგოს დაწესების რისკი არსებობს, ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად საუბრობენ ამ სექტორუს წარმომადგენლები.
„დღეს არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ რუსეთმა დაადოს ხორბლის იმპორტსაც ემბარგო, ოღონდ არა მხოლოდ ავტომანქანებით იმპორტს, არამედ გემებით და რკინიგზით იმპორტსაც; თან ამას გააკეთებს არა - პირდაპირ, არამედ იქნება შეზღუდვები ექსპორტისას დოკუმენტების გამოწერის მხრივ. ეს იქნება ძალიან ცუდი, რადგან ოფიციალურად არ გაჟღერდება, მაგრამ ყველა მოქალაქე იგრძნობს თავისთავზე. ამდენად, საფრთხეა, რადგან პრაქტიკულად თითქმის 100%-ით ვართ დამოკიდებული რუსულ ხორბალზე.
განსაკუთრებით ბოლო 3-4 წელია, 100%-ით მივებით რუსეთს, პირველ რიგში, ეს განაპირობა სამანქანე ნაკადმა, რომელიც მოემართება ზემო ლარსიდან და იშლება მთელს საქართველოში და პრაქტიკულად, რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლის 60% მოდის ავტომანქანებით იმპორტზე“-ამის შესახებ bm.ge-თან კომპანია „აგრიკომის“ გენერალურმა დირექტორმა ქეთევან კუბლაშვილმა განაცხადა.
„საქსტატის“ მიხედვით, 2018 წელს საქართველოში იმპორტირებული 575 ათასი ტონა ხორბლიდან 482 ათასი ტონა იყო რუსეთიდან და მხოლოდ მცირე ნაწილი ყაზახეთიდან; წელს 5 თვეში კი, ჯამურად საქართველომ იყიდა 171,000 ტონა ხორბალი, საიდანაც 117,000 ტონა რუსეთიდან შემოვიდა და დანარჩენი 54.000 ტონამდე კი - ყაზახეთიდან.

























