ანალიტიკური პლატფორმა Statista გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშზე დაყრდნობით იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, რომელთა ტურიზმისთვისაც 2021 შესაძლოა წამგებიანი აღმოჩნდეს.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, პანდემიის გამო, გასულ წელს მსოფლიო ტურიზმმა ჯამურად 2.4 ტრილიონი აშშ დოლარი იზარალა და დაახლოებით იგივე ოდენობის ზარალს ელოდებიან მიმდინარე წელსაც, რადგან ვაქცინაციის ტემპი არადამაკმაყოფილებელია. კერძოდ, მაშინ, როდესაც განვითარებულ ქვეყნებში ვაქცინაციის ტემპი მაღალია, მდგომარეობა არასახარბიელო რჩება განვითარებად ქვეყნებში. მაგალითისთვის, ეკონომიკა და ტურიზმი შედარებით მალე აღდგება დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში, სადაც ვაქცინირებული მოქალაქეების რაოდენობა მაღალია. თუმცა, მიუხედავად იმისა რომ, აშშ-ში ვაქცინაციის დამაკმაყოფილებელი ტემპია, ექსპერტები პანდემიამდე მდგომარეობის დაბრუნებას 2023 წლამდე არ ელოდებიან.
ანგარიში ითვალისწინებს რამდენიმე შესაძლო სცენარს, რის მიხედვითაც შეიძლება შეიცვალოს გლობალური ტურიზმის ზარალის მოცულობა. ყველაზე ცუდი სცენარით, თუ ვიზიტორთა რაოდენობა 75%-ით შემცირებული იქნება მიმდინარე წელს, მაშინ 2021-შიც ტურიზმის ჯამური ზარალი 2.4 ტრილიონი დოლარი იქნება, რაც დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნებისთვის, მაგალითად თურქეთისთვის, სადაც ტურიზმი მშპ-ს ხუთ პროცენტს შეადგენს.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაში, ტურიზმის ვარდნით გამოწვეული თურქეთის ზარალი 33 მილიარდი აშშ დოლარი შესაძლოა იყოს, რაც მშპ-ს 9%-იან შემცირებას გამოიწვევს. მოხსენების მიხედვით, ასევე ყველაზე დაზარალებული ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდნენ ეკვადორი და სამხრეთ აფრიკა.
TOP-10 ქვეყანა, რომელიც შესაძლოა ყველაზე მეტად დაზარალდეს გლობალური ტურიზმის ვარდნით:
1. თურქეთი
2. ეკვადორი
3. სამხრეთ აფრიკა
4. ირლანდია
5. შვეიცარია
6. სამხრეთ კორეა
7. ავსტრალია/ ახალი ზელანდია
8. დიდი ბრიტანეთი
9. საფრანგეთი
10. ნორვეგია


























