მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, რომლებსაც ყველაზე მეტი ემიგრანტი/იმიგრანტი ჰყავთ

აშშ

საცხოვრებლად უცხო ქვეყანაში გადასვლას არაერთი მიზეზი აქვს. ათასობით ადამიანი ყოველწლიურად ტოვებს მშობლიურ ქვეყანას იმისთვის, რომ სამსახური, ეკონომიკური კეთილდღეობა, ცხოვრების უკეთესი პირობები თუ სხვა უპირატესობები მიიღონ, რასაც თავიანთ ქვეყნებში ვერ პოულობენ.

მიგრანტების რაოდენობა და შეფარდება ქვეყნის მოსახლეობასთან, დრამატულად ცვალებადია რეგიონიდან რეგიონამდე, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: ზოგიერთ ქვეყანაში მიგრაცია გაცილებით მარტივია, განსაკუთრებით მაშინ, როცა კონკრეტული ქვეყნის, მაგალითად შეერთებული შტატების მოქალაქე ხარ, სხვაგან კი პირიქით - იმიგრანტებს ძალიან რთულად იღებენ.

WorldPopulationReview-ზე დაყრდნობით, 2024 წელს ყველაზე მეტი ემიგრანტი ინდოეთს ჰყავს. ინდოეთის 17.9 მილიონი მოქალაქე ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ცხოვრობს. იმ ქვეყნების ათეული, რომლებსაც ყველაზე მეტი ემიგრანტი ჰყავთ, ასე გამოიყურება:

  1. ინდოეთი - 17.9 მილიონი
  2. მექსიკა - 11.2 მილიონი
  3. რუსეთი - 10.8 მილიონი
  4. ჩინეთი - 10.5 მილიონი
  5. სირია - 8.5 მილიონი
  6. ბანგლადეში - 7.4 მილიონი
  7. პაკისტანი - 6.3 მილიონი
  8. უკრაინა - 6.1 მილიონი
  9. ფილიპინები - 6.1 მილიონი
  10. ავღანეთი - 5.9 მილიონი

სად მიდიან ემიგრანტები?

ცხოვრების უკეთესი პირობების საძებნელად ემიგრანტები ყველაზე ხშირად ამერიკის შეერთებულ შტატებში მიდიან. 50.6 მილიონი იმიგრანტი აშშ-ის მოსახლეობის 15%-ს შეადგენენ. ამასთან, 1965 წლიდან დღემდე, შეერთებულ შტატებში იმიგრანტთა რაოდენობა 400%-ით მაინც გაიზარდა. აშშ-ში ჩასული მიგრანტების წარმომავლობა მრავალფეროვანია, მათ 25%-ს კი მექსიკის მოქალაქეები შეადგენენ. იმიგრანტების რაოდენობით TOP 10 ქვეყანაში შედის არაბთა გაერთიანებული საამიროებიც, სადაც იმიგრნტები ქვეყნის სრული მოსახლეობის 89%-ს შეადგენენ. ათეული კი ასე გამოიყურება:

  1. აშშ - 50.6 მილიონი
  2. გერმანია - 15.8 მილიონი
  3. საუდის არაბეთი - 13.5 მილიონი
  4. რუსეთი - 11. 6 მილიონი
  5. გაერთიანებული სამეფო - 9.4 მილიონი
  6. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 8.7 მილიონი
  7. საფრანგეთი - 8.5 მილიონი
  8. კანადა - 8 მილიონი
  9. ავსტრალია - 7.7 მილიონი
  10. ესპანეთი - 6.8 მილიონი

ორივე შემთხვევაში, რეიტინგები ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა და შესაძლოა, არ ითვალისწინებდეს აღურიცხავ და არალეგალურ მიგრანტებს.

საქართველო

WorldPopulationReview-ის ინფორმაციით, საქართველოს ოფიციალურად 861 ათასი ემიგრანტი ჰყავს, ქვეყანაში კი უცხოეთის 79.4 ათასი მოქალაქე ცხოვრობს. თუმცა აღსანიშნავია, რომ პლატფორმის მონაცემები 2020 წლის სტატისტიკას ეყრდნობა, ვიდრე უკრაინაში დაწყებული ომი საქართველოში რუსი და უკრაინელი მიგრანტების შემოდინებას გამოიწვევდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს იმიგრანტთა რიცხოვნობა 205 857-ს შეადგენდა. ამავე წელს ემიგრაციაში საქართველოს 163 480 მოქალაქე წავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები