მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, სადაც ერთ მოსახლეზე ყველაზე მაღალი შემოსავალია

649d3eb3dcb25
ლიკა მეგუთნიშვილი
29.06.23 23:55
4495
არსებობს მრავალი გზა სხვადასხვა ეკონომიკის ერთმანეთთან შესადარებლად, თუმცა ქვეყნების შედარება ერთ მოსახლეზე მშპ-ს ოდენობით, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და აპრობირებული მეთოდია. ერთ მოსახლეზე მაღალი მშპ ზოგადად ქვეყნის სიმდიდრეს, მოხმარების დონესა და ცხოვრების სტანდარტს განსაზღვრავს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებზე დაყრდნობით VisualCapitalist-ი იმ ქვეყნებს გვაცნობს, რომლებიც ერთ მოსახლეზე მშპ-ს ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ლიდერობენ.

როგორც წესი, მდიდარი ქვეყნები მცირე მოსახლეობით ამ რეიტინგში მუდმივად მოწინავე პოზიციებს იკავებენ. მაგალითად, პირველ ადგილზე მყოფი ლუქსემბურგის მოსახლეობა სულ რაღაც 656 000-ია, მშპ ერთ მოსახლეზე კი, 132 370 დოლარით განისაზღვრება.

მეორე უმდიდრესი ქვეყანა, ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სახელმწიფო ირლანდიაა. 2019 წლიდან ირლანდიის ეკონომიკა და ერთ მოსახლეზე მშპ-ს რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამჟამად ირლანდიის ერთ მოქალაქეზე 114, 580 დოლარი მოდის.

მესამე პოზიციაზე კი ნორვეგიაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ნორვეგიაში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე 101 000 დოლარს აჭარბებს.

ხუთეულში შემავალი კიდევ ორი ქვეყანა კი, შვეიცარია და სინგაპურია, რომელთა მშპ ერთ მოსახლეზე შესაბამისად 98 770 და 91 100 დოლარით განისაზღვრება.

ათეულში დარჩენილი პოზიციები კი ასე ნაწილდება:

კატარი - $83,890
აშშ - $80,030
ისლანდია- $75,180
დანია - $68,830
ავსტრალია - $64,960

ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის გამოთვლის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი არის ის, რომ იგი არ ითვალისწინებს ადგილობრივი ვალუტის სიძლიერეს მის გაცვლით კურსთან შედარებით. ქვეყანაში არავაჭრობადი საქონელი არ ფასდება გაცვლითი კურსის კონვერტაციის გამოყენებისას და ის ასევე არ ითვალისწინებს ქვეყნებს შორის ფასების განსხვავებას.

ამ პრობლემის გადასაჭრელად ეკონომისტები იყენებენ მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) ინდექსებს. ეს არის სხვადასხვა ვალუტების მსყიდველობითი უნარის გათანაბრების მეთოდოლოგია. PPP-ის მეთოდოლოგია ქვეყნებს შორის ფულის მსყიდველობით უნარს ათანაბრებს იმ მიზნით, რომ ქვეყნების მონაცემები ერთმანეთთან უკეთ შესადარისი გახდეს.

მშპ-ს შემთხვევაში, PPP გაზომვები იყენებს საერთაშორისო დოლარს, რომელსაც შეუძლია შეიძინოს იგივე რაოდენობის საქონელი ნებისმიერ მოცემულ ქვეყანაში, როგორც აშშ დოლარს შეუძლია შეიძინოს ამერიკაში. შესაბამისად, თუ ტოპ 10 ქვეყანაში მშპ-ს ერთ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის ინდექსის მიხედვით გავზომავთ, მაშინ რეიტინგში არაერთ ცვლილებას აღმოვაჩენთ. მაგალითად, ქვეყნების უმეტესობაში ერთ მოსახლეზე მშპ-ს ოდენობა გაიზრდება, გარდა რასაკვირველია აშშ-ის, რომელიც საორიენტაციო ნიშანია. მსყიდველობითი უნარის პარიტეტის ინდექსით გაზომვის შედეგად, ათეულში არა მხოლოდ პოზიციები იცვლება, არამედ ზოგიერთი ქვეყანა რეიტინგს საერთოდ ტოვებს და მას ახალი წევრები ანაცვლებენ.

ამ შემთხვევაში პოზიციები ასე იცვლება:

ირლანდია - $145,200
ლუქსემბურგი - $142,490
სინგაპური - $133,890
კატარი - $124,830
მაკაო - $89,560
არაბეთის გაერთიანებული საამიროები - $88,220
შვეიცარია - $87,960
ნორვეგია - $82,650
აშშ - $80,030
სან მარინო - $78,930

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები