მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, სადაც კორპორაციული გადასახადი ყველაზე დაბალია

გადასახადი

ყველაზე დაბალი კორპორაციული გადასახადები ძირითადად მცირე ზომის ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მოქმედებს. ამ ხერხით ისინი რაც შეიძლება მეტი მრავალეროვნული კორპორაციებისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ცდილობენ. სწორედ ასეთ, ე.წ. "საგადასახადო სამოთხეებად" აღიარებულ ქვეყნებში 2022 წელს მრავალეროვნულმა კომპანიებმა 1 ტრილიონი დოლარის მოგება დააგენერირეს. ზოგიერთ ასეთ ქვეყანაში ნულოვანი გადასახადი მოქმედებს, ზოგში კი კომპანიები მხოლოდ 5%-ით იბეგრებიან. შედარებისთვის, გლობალური საშუალო კორპორაციული გადასახადის განაკვეთი 23.5%-ს შეადგენს.

ორგანიზაცია Tax Foundation-ის თანახმად, საგადასახადო თავშესაფრებს შორის ლიდერი ბარბადოსია, სადაც კორპორაციული გადასახადის განაკვეთი 5.5%-ით განისაზღვრება. სწორედ აქედან გამომდინარე, ქვეყანაში სულ უფრო მეტი ამერიკული კორპორაცია იწყებს ოპერირებას და მათ მიერ ერთობლივად დაგენერირებული მოგება ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტსაც აღემატება. აშშ-ის მსგავსად, უამრავი კანადური კომპანია - სასურსათო გიგანტ Loblaws-დან დაწყებული, "პეტრო-კანადა"-თი დასრულებული - ბარბადოსში გადადის. საერთო ჯამში Tax Justice Network-ის შეფასებით, გლობალური მრავალეროვნული კომპანიების წყალობით ქვეყანაში ყოველწლიურად 62 მილიონ დოლარზე მეტის მოგება გადადის.

რეიტინგში მეორე პოზიციას თურქმენეთი იკავებს, სადაც კორპორაციული გადასახადის განაკვეთი 8%-ით განისაზღვრება. 9%-იანი მაჩვენებლით კი მას უნგრეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები მოსდევს.

უნდა აღინიშნოს, რომ ახლო აღმოსავლეთში კორპორაციული გადასახადის ყველაზე დაბალი განაკვეთი სწორედ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებშია. მეტიც, წლების განმავლობაში აქ ნულოვანი გადასახადიც მოქმედებდა, თუმცა გასულ წელს ქვეყანამ ბეგარა 9%-მდე გაზარდა. დაბალი გადასახადი საამიროებს შესაძლებლობას აძლევს დივერსიფიკაცია მოახდინოს შემოსავლების, რომლებიც ენერგეტიკულ სექტორში მძლავრად კონცენტრირებულია.

კორპორაციული გადასახადის 10%-იანი განაკვეთი სულ რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის არის: ანდორა, ბოსნია ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კოსოვო, ყირგიზეთი და პარაგვაი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 1980 წელთან შედარებით კორპორაციული საგადასახადო განაკვეთები მთელ მსოფლიოში შემცირებულია. მაგალითად, იმ წელს ყველაზე დაბალი განაკვეთი ჰონგ-კონგს ჰქონდა და 17%-ს შეადგენდა, რაც ამავე ქვეყნის დღევანდელ მაჩვენებელს 0.5%-ით აღემატება.

საერთო ჯამში, დღეს იურისდიქციის მქონე 225 სახელმწიფოს 91%-ში კორპორაციული გადასახადის 30%-ზე დაბალი განაკვეთი მოქმედებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები