მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყნები, სადაც ცხოვრებისთვის ფულს გადაგიხდიან - სავიზო პირობები

შვეიცარია

არაერთი ქვეყნისთვის მოსახლეობის შემცირება სულ უფრო აქტუალური პრობლემაა, რასაც დემოგრაფიული დაბერება და ქალაქებისა და სოფლების დაცარიელება მოჰყვება. ამ გამოწვევების დასაძლევად და ახალი რეზიდენტების მოსაზიდად მთავრობები სხვადასხვა პროგრამას ადგენენ. ექსპატების წასახალისებლად ქვეყნები ბიზნესების დასაწყებად, საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად თუ მიტოვებული სახლების რემონტისთვის გრანტებს გასცემენ, დაფინანსების რაოდენობა და პირობები კი არა მხოლოდ ქვეყნიდან ქვეყანაში, არამედ, ხშირად, რეგიონებს შორისაც ცვალებადია.

Nomad Capitalist ერთ სტატიაში უყრის თავს იმ ქვეყნებს, სადაც ცხოვრებისთვისაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სოლიდურ თანხას გადაუხდიან.

ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა ირლანდიაა, სადაც მთავრობამ, შორეული კუნძულების დასახლებისა და აღორძინებისთვის 2023 წლიდან “ცოცხალი კუნძულების” პროგრამა დაიწყო, რომლის მონაწილეებსაც ირლანდიის სანაპირო ზოლის გასწვრივ არსებული 30 კუნძულიდან ერთ-ერთზე მიტოვებული სახლის აღდგენისთვის 85 ათას ევროს გადაუხდიან.

მაცდურად ჟღერს, თუმცა ამ კუნძულებზე საცხოვრებლის სარემონტო გრანტებზე 30-ზე ნაკლები განცხადება შევიდა. პრობლემა ისაა, რომ დანიშნულების წერტილამდე ჩასვლა რთულია და ნავით ან კერძო თვითმფრინავით გადაადგილებას მოითხოვს. გრანტი იმ სახლებზე გაიცემა, რომლებიც 2007 წლამდე აშენდა და, სულ მცირე, 2 წელია, მიტოვებულია. ამასთან, კუნძული პროგრამის მონაწილის მუდმივ საცხოვრებლად უნდა იქცეს. თანაც პროგრამა საემიგრაციო საკითხებში დახმარებას არ ითვალისწინებს და მონაწილეებს სტანდარტული პროცესების გავლა უწევთ.

ირლანდიაში ბინადრობის უფლების მოპოვების ერთ-ერთი მარტივი გზა წარმატებული ბიზნესის ქონაა, რომელსაც ბაზრისთვის მაღალი პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტის შეთავაზება შეუძლია და სულ მცირე 50 ათას ევროს განკარგავს. ირლანდიაში დაფუძნების და 10 სამუშაო ადგილის შექმნის შემდეგ, ბიზნესის მფლობელს ბინადრობის 2-წლიანი ნებართვა ეძლევა, რომლის გახანგრძლივებაც 3 წლის ვადით შეიძლება. თუ 5 წლის შემდეგ ბიზნესი ისევ წარმატებით ოპერირებს, მისი მფლობელი მუდმივი რეზიდენტი ხდება.

შვეიცარიის მაღალმთიან სოფელ ალბინენში რამდენიმე ასეული მცხოვრებიღა შემორჩა. ზღვის დონიდან 1300 მეტრის სიმაღლეზე გაშენებულ დასახლებას ახალგაზრდები სულ უფრო მასობრივად ტოვებენ და საცხოვრებლად ქალაქში გადადიან. მოსწავლეთა სიმცირის გამო, დაიხურა სოფლის სკოლაც. ალბინენში დასახლებისთვის შვეიცარიის მთავრობა 45 წლამდე ადამიანს 25 ათას შვეიცარიულ ფრანკს, არასრულწლოვანს კი 10 ათას ფრანკს გადაუხდის. გრანტის მისაღებად, პროგრამის მონაწილეებმა შვეიცარიაში ბინადრობის უვადო ნებართვა უნდა მიიღონ და შეასრულონ აქ ნაყიდ სახლში სულ მცირე 10 წლით დასახლების ვალდებულება.

არაევროკავშირის მოქალაქეებისთვის, შვეიცარიაში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ორი გზა არსებობს: ბიზნესის დაფუძნება ან ერთჯერადი მოსაკრებლის გადახდა. პირველ შემთხვევაში, კერძო კომპანიის ან ერთობლივი საწარმოს დამფუძნებელთათვის საჭირო კაპიტალი 20 ათასიდან 100 ათას ფრანკამდეა განსაზღვრული. გარდა ამისა, ბიზნესებმა საკუთარი ხარჯების დასაფარად საკმარისი სახსრები უნდა გამოიმუშაონ და ფინანსური დამოუკიდებლობა დაამტკიცონ. ერთჯერადი გადასახადის სქემა კი არარეზიდენტებს ბინადრობის უფლებას 250 ათასიდან 1 მილიონამდე შვეიცარიული ფრანკის სანაცვლოდ აძლევს, რის შემდეგაც, ქვეყანა რეზიდენტებს სოციალურ უზრუნველყოფას, ჯანდაცვას და საპენსიო შეღავათებს სთავაზობს.

იტალიის ცნობილი 1-ევროიანი ინიციატივა სოფლებში მიტოვებული სახლების აღსადგენად გრანტის გაცემას ითვალისწინებს. მაგალითად, 76 დასახლებიდან ერთ-ერთში გადასვლისა და 1 ევროდ სახლის ყიდვის შემთხვევაში, ტოსკანის რეგიონული მთავრობა არარეზიდენტებს 10-დან 30 ათას ევრომდე გადაუხდის, სარდინიაში კი გრანტის მოცულობა 15 ათასი ევროა. ასეთ სოფლებში სახლების რემონტი, როგორც წესი, რთული და ძვირად ღირებული პროცესია, თუმცა, საგრანტო პროგრამები უფრო და უფრო აქტუალური ხდება და პატარა სოფლებში ექსპატების მოზიდვას ისახავს მიზნად.

იტალიაში ბინადრობის უფლების მისაღებად ქვეყანას ინვესტორთა ვიზის პროგრამა აქვს, რომელიც 2-დან 5 წლამდე ვადით გაიცემა და კონკრეტული მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს: 2 მილიონი ევროს განთავსებას სამთავრობო ობლიგაციებში, 250 ათასი ევროს ინვესტირებას არსებულ სტარტაპში, 500 000 ევროს ჩადებას ადგილობრივ კომპანიაში ან 1 მილიონი ევროს შემოწირულებას საქველმოქმედო ორგანიზაციებში.

პატარა დასახლებების გაფართოებაზე ესპანეთიც მუშაობს. ქვეყანა განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებს ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლებსა და ციფრულ ნომადებს სთავაზობს, რომლებსაც სევილეს ჩრდილოეთით, ექსტრემადურას რეგიონში ეპატიჟებიან. აქ გადაცხოვრებისთვის 30 წლამდე ახალგაზრდებს 10 ათას ევროს გადაუხდიან. 8 ათასი ევროს ოდენობის გრანტი გაიცემა მათზე, ვინც 5000-ზე ნაკლები ადამიანით დასახლებულ სოფელში გადაცხოვრდება.

ამასთან, ესპანეთის ციფრული ნომადის ვიზა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი სავიზო პროგრამაა, რომელიც უცხოელებს დისტანციურად მუშაობის საშუალებას აძლევს და საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს. ციფრული მომთაბარეებისთვის ესპანური ვიზა შენგენის ზონაში თავისუფლად ცხოვრების, მუშაობისა და ოჯახის შეერთების უფლებებს ითვალისწინებს. მის მისაღებად შემოსავლის დადასტურება, სულ მცირე ბაკალავრის ხარისხი ან შესაბამის სფეროში საქმიანობის 3-წლიანი გამოცდილება, ჯანმრთელობის დაზღვევა და ნასამართლეობის შესახებ ცნობის წარდგენაა საჭირო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები