მსოფლიო მასშტაბით, ფულადი გზავნილები განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია. სწორედ მიგრანტების გაგზავნილი ფული უწყობს ხელს სიღარიბის შემცირებას. თუმცა, ეკონომისტების შეფასებით, ფულადი გზავნილების მიმღები ქვეყნებისთვის მთლად სახარბიელო არ არის, რადგან მასზე ზედმეტი დამოკიდებულება ერთგვარ მანკიერ ხასიათს იძენს, რომელიც დროთა განმავლობაში თანმიმდევრულ ეკონომიკურ ზრდად არ ითარგმნება. საერთო ჯამში, გლობალური მასშტაბით, 2000-დან 2023 წლამდე ფულადი გზავნილები შვიდჯერ გაიზარდა.
ინდურმა დიასპორამ, რომელშიც დაახლოებით 18 მილიონი ერთიანდება, 2023 წელს ჯამურად ქვეყანას 125 მილიარდ დოლარზე მეტი გაუგზავნა და ამ შედეგით, ინდოეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომლის მიერ მიღებულმა ფულადმა გზავნილებმაც 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 23-წლიან პერიოდში ინდოეთში ფულადი გზავნილების ოდენობა 112 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი. ფულადი გზავნილების ასეთი მზარდი ნაკადი კი ცხადია, მიგრანტ ინდოელებზე დგას, რომლებიც მაღალშემოსავლიან ქვეყნებში, ძირითადად, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და სინგაპურში მაღალკვალიფიციურ სამუშაოებზე არიან დასაქმებულები.
ფულადი გზავნილების მიმღები ქვეყნების სამეულში მექსიკა და ჩინეთი პოზიციონირებენ, რომელთა მაჩვენებლებიც 2023 წელს, შესაბამისად, 67 და 50 მილიარდი დოლარია. აღსანიშნავია, რომ 2000 წელს, ჩინეთი ფულადი გზავნილებს მიმღებ უმსხვილეს ქვეყნებს შორის საერთოდ არ ხვდებოდა, ხოლო მექსიკა 23 წლის წინ 8 მილიარდი დოლარის მოცულობით, მესამე ადგილს იკავებდა.
ბოლო ორი ათწლეულის შედეგებს რომ გადავხედოთ საინტერესო ცვლილებას აღმოვაჩენთ. ყველაზე მეტი ფულადი გზავნილის მიმღებებს ევროპის ქვეყნები ჩამოშორდნენ და ისინი ძირითადად, აზიურმა და აფრიკულმა დიასპორებმა ჩაანაცვლეს. მაგალითად, თუ 2000 წელს, ამ სიაში ბრიტანეთს, პორტუგალიას, გერმანიასა და თურქეთს ვხვდებოდით, დღეს არც ერთი მათგანი აქ წარმოდგენილი აღარ არის, გამომდინარე იქიდან ეს ქვეყნები, ახლა იმიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებებია, საიდანაც ფულადი გზავნილები ძირითადად გაედინება.
მათ ნაცვლად კი სიაში ახალწვეულებს შორის ვხვდებით:
1. პაკისტანს - $24 მლრდ;
2. ეგვიპტეს - $24 მლრდ;
3. ბანგლადეშს - $23 მლრდ;
4. ნიგერიასა - $21 მლრდ
5. გვატემალას - $20 მლრდ.
ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელსაც ფულადი გზავნილების მიმღები ქვეყნების ათეულში ვხვდებით საფრანგეთია. თუ 2000 წელს ქვეყანა 9 მილიარდის ფულადი გზავნილის ოდენობით მეორე ადგილზე პოზიციონირებდა, 2023 წელს 34 მილიარდი დოლარის მოცულობით, მეხუთე ადგილას ინაცვლებს.
საქართველოში 2024 წლის მაისში ფულადი გადმორიცხვები 27.1%-ით შემცირდა. ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 284.3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 105.9 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2023 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.6% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მაისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან 120.7 მლნ გადმოირიცხა, რაც 6.8%-ით ზრდაა. რუსეთიდან გადმორიცხვები კი, 69.5%-ით შემცირდა.
საერთო ჯამში, გადმორიცხული თანხის მოცულობის მიხედვით TOP-10 ქვეყანას შორის პოზიციები ასე ნაწილდება:
1. იტალია - $48.12 მლნ. ზრდა 7.75;
2. რუსეთის ფედერაცია - $48.11 მლნ. კლება 69.5%;
3. აშშ - $47.2 მლნ. ზრდა 22.1%;
4. საბერძნეთი - $22 მლნ. ზრდა 1.9%;
5. გერმანია - $21.7 მლნ. ზრდა 7.7%;
6. ისრაელი - $21.7 მლნ. ზრდა 20.3%;
7. ყაზახეთი - $11.3 მლნ. კლება 43.3%;
8. თურქეთი - $8.6 მლნ. კლება 41.8%;
9. ესპანეთი - $5.6 მლნ. ზრდა 3.1%;
10. ირლანდია - $5.3 მლნ. ზრდა 27.8%.