მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყნებში, სადაც ქსელებში ქეშბექი 5%-ს არ აღემატება, ღრმა ფასდაკლებები გამორიცხულია - "დიპლომატ ჯორჯია"

გიორგი ჩხეიძე

“დიპლომატ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჩხეიძის განმარტებით, საქართველოში გარკვეულ პროდუქტებზე ღრმა ფასდაკლებების გაკეთება ქეშბექის საფუძველზე ხდება შესაძლებელი. მისი თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც ქეშბექი 5%-ს არ აღემატება, ღრმა ფასდაკლებები გამორიცხულია, თუმცა პროდუქტის საშუალო ფასი შემცირებულია.

Procter&Gamble-ს, Nestle-ს და სხვა პროდუქტების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ FMCG-ის მიმართულებით გაყიდვების რამდენიმე ტიპი მოქმედებს, რომელთაგან საქართველოში High – Low მოდელია დამკვიდრებული. OralB-ის ელექტროჯაგრისების მაგალითზე გიორგი ჩხეიძე ამ პრინციპის მუშაობას განმარტავს.

„ჩვენი ინტერესია, რომ ფასი არ გავზარდოთ. ამავე დროს საქართველო ცოტა სხვა მიმართულებით განვითარდა. არის ბაზრები, სადაც High – Low პრინციპი მოქმედებს, როცა სტანდარტული ფასი მაღალია, მაგრამ ფასდაკლების დროს ღრმად ჩადიან ფასდაკლებაში, რაც FMCG-ის მიმართულებით (50%-იანი ფასდაკლება, რასაც ჩვენთან ხშირად ნახავთ), სტანდარტი არ არის, მაგრამ ჩვენი ბაზარი ასე განვითარდა და ხშირად მიწოდებული ქეშბექის ნაწილი ამ ფასდაკლებებში მიდის.

არის ბაზრის სხვა პრინციპები, რასაც EDLP – every day low price ჰქვია, რაც ყოველდღიურად დაბალ ფასს ნიშნავს. შესაბამისად, გააჩნია ჩვენ რას ვადარებთ. თუ ვადარებთ გერმანიას, სადაც EDLP-ის პრინციპია და არ აქვს ღრმა ფასდაკლება, მაშინ როდესაც ჩვენთან ფასდაკლება არის, შეიძლება ეს ფასდაკლება ნახოთ. მაგალითად, ჩვენ გვაქვს OralB-ის ელექტროჯაგრისი, რომლის პირობითი ფასი 80 ლარია, თაროზე ეს პროდუქტი 100 ლარი ღირს, მაგრამ მინიმუმ 3 დღე თითოეულ ქსელს 50%-იანი ფასდაკლება აქვს, როცა 50 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ. ამ შემთხვევაში გაყიდვები 90%-ს აღწევს, ხალხი ელოდება ამ ფასდაკლებას, რადგან ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი არ არის. ასეა ჩამოყალიბებული ბაზრის სტრუქტურა. დღეს, საქართველოში რა ფასია, ძალიან რთულად განსასაზღვრია, რადგან იმდენად ღრმა ფასდაკლებები ხდება, რომ რთულია. ბაზარი ასე განვითარდა ამ მიმართულებით ქეშბექებმაც იმოქმედეს - მაგალითად არის ქვეყნები, სადაც ქეშბექებიც 5%-ზე მეტი არ შეიძლება რომ იყოს. რა მოხდება ამ ქვეყნებში - ღრმა ფასდაკლებები გამოირიცხა ფაქტობრივად, მაგრამ საშუალო ფასი შემცირდა.

რამდენიმე მაგალითი მაქვს, როდესაც რამდენიმე ქვეყანში Net-Net მოდელზე გადავიდნენ და ჯაგრისის მაგალითზე რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში დღეს თუ თაროზე ჯაგრისის ფასი 100 ლარია, ის გახდება 70 ლარი ალბათ და ფასდაკლების დროს 50 ლარად ვეღარ იყიდით.

ყავა საქართველოში ღრმა ფასდაკლების დროს ბევრად იაფია, ვიდრე ევროპაში. რიტეილს ფასდაკლებების გაკეთება ქეშბექის და რიგ შემთხვევაში, საკუთარი მოგების ხარჯზე შეუძლია“, - განაცხადა გიორგი ჩხეიძემ.

„ფასების საპარლამენტო კომისიის“ თავმჯდომარის კითხვაზე - რა განაპირობებს კომპანიის მაღალ საოპერაციო ხარჯს და შეიძლება თუ არა მისი შემცირებით პროდუქტის ფასზე გავლენა, „დიპლომატ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი ასე პასუხობს:

„20%-იანი საოპერაციო ხარჯი ბევრ ასპექტზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი დიდი ნაწილი ლოგისტიკაზე მოდის. ჩვენი სპეციფიკა ცოტა განსხვავდება, იმის გამო რომ სხვა ჩვენს ქვეყნებთან შედარებით, სხვაგვარია და არც ერთ ამგვარ სადისტრიბუციო მოდელებში პროდუქტის საცალო აგროვება არ ხდება, რაც ხარჯის დიდ ნაწილს ზრდის. თუ სხვა მიმართულებებით ყუთებით ან პალეტებით ხდება ლოგისტიკური მომსახურება, ჩვენს შემთხვევაში საცალოდ ხდება, რაც აძვირებს მომსახურებას, მიტანის სერვისს და ა.შ“, - ამბობს გიორგი ჩხეიძე და აღნიშნავს, რომ საქართველოში Cash & Carry-ს მოდელი მუშაობს, თუმცა ის მასშტაბური არ არის.

„მოვისმინე შეფასებები, რომ დისტრიბუცია სურსათის მიწოდების ჯაჭვში ზედმეტი დანამატი არისო, მაგრამ სხვა ქვეყნებშიც ეს რგოლი არსად არ არის ამოგდებული. ჩვენი ბიზნესი ეფექტურობის ბიზნესია - ჩვენ მწარმოებელსა და რიტეილს შორის ვართ და ყოველდღიური ამოცანაა, რომ ჩვენი ყოველდღიური ოპერაციებით, რაც შეიძლება ეფექტურები ვიყოთ. კომპანიისთვის საოპერაციო ხარჯის 20% დაბალი არ არის, მაგალითისთვის სამხრეთ აფრიკაში ვართ და იქ 16%-ია“, - განაცხადა „დიპლომატ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები